დიდი ბრიტანეთი - ირანი

ირანის სასამართლომ ბრიტანეთის ელჩი "არასასურველ ელემენტად" გამოაცხადა

რობ მაქეირი

დღეს ირანის სასამართლომ თეირანში ბრიტანეთის ელჩი რობ მაქეირი, რომელიც სამი დღის წინ თეირანში ერთი საათით დააკვეს, "არასასურველ ელემენტად" გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"საერთაშორისო რეგულაციებზე დაყრდნობით, ირანში ბრიტანეთის ელჩი არასასურველი ელემენტია," - განაცხადა სასამართლოს სპიკერმა გოლამჰოსეინ ესმაილიმ

ცნობილმა ირანელმა სასულიერო პირმა აიათოლა აჰმას ალამოლჰოდამ თქვა, რომ ელჩის გაძევება იქნება "საუკეთესო რამ, რაც მას შეიძლება დაემართოს", რადგან მისი თქმით, აშშ-ის მიერ მოკლული გენერალ სოლეიმანის მხარდამჭერები მას "პატარა ნაწილებად დააქუცმაცებდნენ".

11 იანვარს თეირანში ბრიტანეთის ელჩი რობ მაქეირი დააკავეს. მას თავისუფლება ერთი საათის განმავლობაში ჰქონდა შეზღუდული.

ელჩმა თქვა, რომ ის ჩამოგდებული თვითმფრინავის დროს დაღუპულთათვის პატივის მისაგებ ღონისძიებას დაესწრო. მაქეირიმ უარყო ირანის ბრალდება, რომ ის აქციას შეუერთდა. 

ლონდონმა მის დაკავებას დიპლომატიური კონვენციის დარღვევა უწოდა.

ირანში აქციები 11 იანვრიდან იმართება, სადაც ირანის მიერ უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებასთან ერთად ხამენეის რეჟიმსაც აპროტესტებენ. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში აქციიდან ისმის შეძახილები "სიკვდილი დიქტატორს" და "ხამენეი, გრცხვენოდეს, დატოვე ქვეყანა".

გუშინ გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, რომ ირანის ქუჩებში შეკრებილ მომიტინგეებს უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს. ჩანს სისხლის კვალი მიწაზე, დაჭრილები და უშიშროების ძალების წარმომადგენლები, რომლებსაც ცეცხლსასროლი იარაღი აქვთ.

კომენტარები