Human Rights Watch-ის ანგარიში

HRW: R2-ზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ ქართულ მედიასივრცეში რადიკალური ცვლილებები გამოიწვია

0 კომენტარი

Human Rights Watch-ის ადამიანის უფლებების 2020 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ევროპული სასამართლოს მიერ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქართველოს მედიასივრცეში რადიკალური ვცლილებები გამოიწვია. 

"გადაწყვეტილების შედეგად საქართველოს ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია მის ყოფილ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს, დაუბრუნდა, რომელიც აცხადებდა, რომ 2006 წელს ეს ტელეკომპანია მას იძულებით გააყიდინეს საბაზროზე ნაკლებ ფასად. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, სასამართლო პროცესი ხელისუფლების მიერ იყო ორკესტრირებული ამ ოპოზიციური ტელეკომპანიის ხელში ჩასაგდებად"- წერს ორგანიზაცია. 

მათივე თქმით, ხალვაშმა გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაურევლობის პირობა დადო, მაგრამ მალევე საინფორმაციო სამსახურის უფროსი, პროდუსერები და პოლიტიკური ტოქშოუს წამყვანები გაათავისუფლა.

"სალიამ მიზეზად ინტერესთა კონფლიქტი დაასახელა, რაც ახალი მფლობელის წინააღმდეგ მათი საჯარო განცხადებებით გამოიხატებოდა. ამ ნაბიჯს საინფორმაციო სამსახურის თითქმის მთელი პერსონალის გადადგომა მოჰყვა, რის შედეგადაც რუსთავი 2-ზე ახალი ამბების მაუწყებლობა დროებით შეწყდა.

აგვისტოში, პროკურატურამ გვარამიას „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების“ ბრალდება წაუყენა. პროკურატურის მტკიცებით, გვარამიამ 2015 წელს თვალთმაქცური ხელშეკრულება გააფორმა ტელეკომპანიაში კომერციული რეკლამის განთავსებაზე, რის შედეგადაც კომპანიამ 7.2 მილიონი ლარი (დაახლოებით 2.5 მილიონი აშშ დოლარი) ვერ მიიღო. სასამართლომ გვარამიას 40,000 ლარის (დაახლოებით 13,500 აშშ დოლარი) გირაო შეუფარდა"- ნათქვამია ანგარიშში. 

HRW აცხადებს, რომ გამოძიების დაჩქარებული წესით წარმოებას ზოგიერთი სამოქალაქო ორგანიზაცია პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს, რომლის მიზანი ოპონენტებისა და კრიტიკული მედიის დევნაა.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ტვ.პირველის დამფუძნებლის ვახტანგ წერეთლის მამის, ავთანდილ წერეთლის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზეც. 

"ხელისუფლებამ ბრალი წარუდგინა ასევე ავთანდილ წერეთელს, კიდევ ერთი დამოუკიდებელი და ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტელეკომპანიის ტვ პირველის დამფუძნებლის მამას. პროკურატურა წერეთელს ედავებოდა 2008 წელს "თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის და მისი მოადგილის დახმარებას 17 მილიონ აშშ დოლარის ოდენობის "უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში". არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეს ნაბიჯი "დამოუკიდებელ და კრიტიკულ მაუწყებელზე ზეწოლის" კიდევ ერთ მცდელობად შეაფასეს"- წერია ანგარიშში. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები