ხანძარი ავსტრალიაში

ავსტრალიის ღია პირველობაზე ჩოგბურთელმა კვამლის გამო თამაში ვეღარ შეძლო [ვიდეო]

0 კომენტარი
დალილა იაკუპოვიჩი

ავსტრალიაში მასშტაბური ხანძრის და შედეგად გამოწვეული დაკვამლიანების მიუხედავად ჩოგბურთის ღია პირველობის ტურნირი მიმდინარეობს. მელბურნში საკვალიფიკაციო მატჩის დროს სლოვენიელმა ჩოგბურთელმა დალილა იაკუპოვიჩმა თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.

ის მატჩს იგებდა, როდესაც კვამლის გამო შეუძლოდ გახდა და ჩაიკეცა. მოგვიანებით თქვა, რომ ასთმის შეტევა ემართებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადება არ აწუხებს.

"ვეღარ ვსუნთქავდი, ვეღარ დავდიოდი, ჩავიკეცე, იმიტომ, რომ ფეხზე დგომა აღარ შემეძლო. ამის შემდეგ პანიკური შეტევა დამეწყო, რადგან ჰაერი აღარ მყოფნიდა. ძალიან რთული იყო. ჩემმა ოპონენტმაც თქვა, რომ პრობლემები ჰქონდა. ყველანი გაბრაზებულები ვართ, გვეგონა სათანადოდ მოგვივლიდნენ." თქვა მან.

მელბურნში ხანძრისგან გამოწვეული კვამლის გამო ვარჯიშები შეაჩერეს, თუმცა ორგანიზატორები ტურნირის გადადებას არ აპირებენ.

მიუხედავად ვიქტორიის შტატის გარემოს დაცვის სააგენტოს შეფასებისა, რომლის მიხედვითაც მელბურნში ჰაერის დაბინძურების დონე საშიშია და მოსახლეობას სახლებში დარჩენისაკენ მოუწოდებენ, ტურნირის ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ სიტუაცია ნელ-ნელა უმჯობესდება.

კვამლის გამო გაუქმდა კიდევ ერთი მატჩი მარია შარაპოვასა და ლაურა ზიგემუნდს შორის.

ტურნირის დაწყებამდე წამყვანმა ჩოგბურთელებმა, მათ შორის გასული წლის ტურნირის გამაჯვებულმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა თქვეს, რომ მისი გადადება უნდა განხილულიყო, თუმცა ორგანიზატორებმა ამაზე უარი განაცხადეს და თქვეს, რომ კორტებს გადახურავდნენ და ჰაერს გაფილტრავდნენ.

ავსტრალიაში ხანძარი რამდენიმე თვეა მძვინვარებს. დაიღუპა სულ მცირე 28 ადამიანი. განაგურდა 3,000-ზე მეტი სახლი. დაიწვა ნაკრძალები. ხანძარს მილიარდზე მეტი ცხოველი ემსხვერპლა.

ჩოგბურთელები ავსტრალიელი ნიკ კირიოსის კამპანიაში ჩაერთნენ, რომელმაც თქვა, რომ მის მიერ დარტყმულ ყოველ ეისზე 200 ავსტრალიურ დოლარს ($140) გადარიცხავს. შარაპოვა და ჯოკოვიჩი კი 17,400 აშშ დოლარს რიცხავენ ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა (Video)

კომენტარები