რუსეთი

რუსი დეპუტატი ქვეყანაში თბილ ზამთარს აშშ-ის კლიმატურ იარაღს აბრალებს

ალექსეი ჟურავლიოვი
AFP

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის წევრმა, ალექსეი ჟურავლიოვმა, განაცხადა, რომ ანომალიურად თბილი ზამთარი, რომელიც რუსეთის დიდ ნაწილზეა, აშშ-ის კლიმატური იარაღის გამოყენების შედეგია. 

ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლების რუსული ოფისი ავრცელებს. რადიოსთვის "ლაპარაკობს მოსკოვი" მიცემულ ინტერვიუში ჟურავლიოვმა ამინდის ცვლილებას "არაშემთხვევითი" უწოდა. ჟურავლიოვის თქმით, აშშ-ის სამეცნიერო გამოკვლევების საფარქვეშ კლიმატზე ბოროტად ახდენენ გავლენას. ინტერვიუს განმავლობაში დეპუტატმა თავდაპირველად თქვა, რომ ამერიკელების მიერ კლიმატური იარაღის გამოყენება "არ უნდა გამოვრიცხოთ", თუმცა მოგვიანებით აღნიშნა, რომ ამაში დარწმუნებულია. 

რადიო თავისუფლების ცნობით, 57 წლის ალექსეი ჟურავლიოვი ისეთი საკანონმდებლო ინიციატივების ავტორია, როგორებიცაა გეი და ლესბოსელი ადამიანებისთვის მშობლობის უფლების ჩამორთმევა, ასევე მიგრანტებისთვის შვილების ყოლის უფლების ჩამორთმევა მანამ, სანამ ისინი ვერ შეძლებენ, დაამტკიცონ, რომ გადასახადებს იხდიან და დეზერტირებისთვის ჯარში სამუდამო მსახურების იძულება.

2015 წელს ჟურავლიოვი რუსეთის მიერ ოკუპირებული და ანექსირებული ყირიმის მიერ დაჯილდოვდა - "მოვალეობისადმი ერთგულებისთვის". ერთი წლის შემდეგ მან კიდევ ერთი ჯილდო მიიღო, ამჯერად სირიის კონფლიქტში სამხედრო მონაწილეობისთვის.

კომენტარები