ჩინეთი

ჩინეთი: Human Rights Watch და Freedom House მიკერძოებულია და ფაქტებს ამახინჯებს

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა კენ შუანგმა თქვა, რომ ორი ადამიანის უფელბადაცვითი ორგანიზაციის Human Rights Watch და Freedom House ანგარიშები, სადაც ჩინეთს უმცირესობებისადმი მოპყროპასა და საგარეო ჩარევის გამო აკრიტიკებენ, მიკერძოება და ფაქტების დამახინჯებაა. 

მისივე თქმით, ის არ აპირებს ანგარიშების წაკითხვას, რადგან მიიჩნევს, რომ ორივე მათგანი "სიმართლეს ამახინჯებს" და არაობიექტურია.

"ამჟამად, ჩინეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობა ქვეყნის ისტორიაში საუკეთესოა," - თქვა მან. 

გუშინ ორგანიზაციამ Human Rights Watch გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ჩინეთში, სინძიანის პროვინციაში უიღური მუსლიმებისადმი ოფიციალური პეკინის მოპყრობა დაგმო და საერთაშორისო საზოგადოება ჩინეთის მზრდად გავლენაზე გააფრთხილა, რადგან პეკინს საზღვარგარეთ მისი გავლენისა და ცენზურის გავრცელება სურს. ორგანიზაციის შეფასებით ეს "საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სისტემისთვის ეგზისტენციალური საფრთხეა".

ანგარიშში ორგანიზაცია საერთაშორისო საზოგადოებას ასევე მოუწოდებს, რომ "ჩინეთში ათწლეულების განმავლობაში ყველაზე სასტიკი ჩაგვრის წინააღმდეგ" იმოქმედონ.

მსგავსი ანგარიში გამოაქვეყნა Freedom House-მაც, სადაც საუბარია ჩინეთს ფარგლებს გარეთ მედია ჩარევაზე და მთავრობებს მოუწოდა, რომ ჩინელი მაღალჩინოსნებისთვის შემაკავებელი ზომები მიეღოთ. 

გასულ თვეს აშშ-ის მიერ მიღებული ჰონგ-კონგის ადამიანის უფლებების და თავისუფლებების კანონის მიღების საპასუხოდ ჩინეთმა Human Rights Watch-სა და Freedom House-ზე სანქციების დაწესება დააანონსა.

ჩინეთის სახელმწიფო მედიამ ჰონგ-კონგისა და ტაივანის არჩევნებში პრო-პეკინიელი კანდიდატების დამარცხება "ყალბ სიახლეებსა და დასავლურ ჩარევას" დააბრალა.

ორი დღის წინ ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის Human Rights Watch-ის დირექტორს კენეთ როთს ჰონგ-კონგში შესვლის უფლება არ მისცეს.

შეგახსენებთ, 2019 წლის ივნისიდან მილიონობით ჰონგ-კონგელი პეკინის გაზრდილ გავლენას აპროტესტებს და დემოკრატიულ ცვლილებებს ითხოვს. მიუხედავად აქციების არაერთხელ ძალადობრივად დაშლის და აქტივისტების დაკავებისა, ჰონგ-კონგელები პროტესტს არ წყვეტენ.

გასულ თვეს გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც ჩინეთის სინძიანის პროვინციაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაკავების ბანაკებში არსებულ სიტუაციას აღწერს. ისინი აღწერს როგორ ხდება დაკავება, ინდოქტრინაცია და დასჯა ბანაკებში. მილიონამდე ადამიანი სასამართლო პროცესის გარეშეა დაკავებული.

უიღურები ჩინეთის სინძიანის ავტონომიურ რეგიონში მოსახლეობის 45%-ს შეადგენენ. ისინი ეთნიკურად ცენტალური აზიის ხალხებს ენათესავებიან და ძრითადად მუსლიმები არიან.

2018 წელს ჩინეთმა კანონმდებლობა შეცვალა, რაც რეგიონულ მთავრობას ოფიციალურად აძლევს საშუალებას გამოიყენოს "საგანამანათლებლო და საწვრთნელი ცენტრები" "ექსტრემისტული გავლენების" ქვეშ მყოფ პირთა გამოსასწორებლად. ჩინეთის ოფიციალური პირები საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამოსასწორებელი ცენტრებია კრიმინალებისათვის. ადამიანები, რომელთაც ამ ცენტრებს თავი დააღწიეს, ყვებიან, რომ მათ ისლამის უარყოფას და კომუნისტური პარტიისათვის ერთგულების პირობის დადებას აიძულებდნენ და მათ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ეწეოდნენ. ისინი არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე საუბრობენ. მათი თქმით დაკავებულთა მცირეწლოვან შვილებს მშობლებს აშორებენ და ბავშვთა სახლებში გადაჰყავთ.

აშშ-მა ჩინეთის სინძიანის პროვინციაში უიღურების უფლებების დარღვევაში მონაწილეობის გამო 28 ჩინურ ორგანიზაციას სანქციები უკვე დაუწესა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პროკურატურა: ნაცემი შაქარაშვილი გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

კომენტარები