თეირანში ჩამოგდებული უკრაინული თვითმფრინავი

უკრაინა ირანს ჩამოგდებული თვითმფრინავის შავი ყუთების გადაცემისკენ მოუწოდებს

უკრაინის პროკურატურამ და უსაფრთხოების სამსახურმა ირანელ მაღალჩინოსნებს თეირანში ჩამოგდებული უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის შავი ყუთების გადაცემისკენ მოუწოდეს. 

უკრაინის უშიშროების სამსახურის მაღალი რანგის პირმა განაცხადა, რომ მალე უკრაინას ირანიდან გამომძიებლები ეწვევიან. მათ უნდა განსაზღვრონ, უკრაინული ლაბორატორიები შავ ყუთებზე სამუშაოდ იქნება თუ არა შესაფერისი. 

11 იანვარს ირანმა აღიარა, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი რაკეტით შეცდომით ჩამოაგდეს. 4 დღის განმავლობაში ქვეყანა უარს ამბობდა, უკრაინისთვის ე.წ შავი ყუთის გადაცემაზე. ირანის რევოლუციურმა გვარდიამ უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებაზე სრული პასუხისმგებლობა აიღო.

11 იანვრიდან ირანში აქციები იმართება, სადაც ირანის მიერ უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებასთან ერთად ხამენეის რეჟიმსაც აპროტესტებენ. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში აქციიდან ისმის შეძახილები "სიკვდილი დიქტატორს" და "ხამენეი, გრცხვენოდეს, დატოვე ქვეყანა".

11 იანვარს აქცია ცრემლსადენი გაზით დაშალეს, ათობით ადამიანი დააკავეს მათ შორის დიდი ბრიტანეთის ელჩი ირანში რობ მაქეირი. მას თავისუფლება ერთი საათის განმავლობაში ჰქონდა შეზღუდული. გუშინ ირანის სასამართლომ ის "არასასურველ ელემენტად" გამოაცხადა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, რომ ირანის ქუჩებში შეკრებილ მომიტინგეებს უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს. ჩანს სისხლის კვალი მიწაზე, დაჭრილები და უშიშროების ძალების წარმომადგენლები, რომლებსაც ცეცხლსასროლი იარაღი აქვთ.

კომენტარები