ირანი

გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ უკრაინულ თვითმფრინავს ორი ირანული რაკეტა მოხვდა [Video]

The New York Times-მა გაავრცელა მეორე ვიდეო, რომელიც უსაფრთხოების კამერით არის გადაღებული და რომელშიც ჩანს, რომ თვითმფრინავს არა ერთი, არამედ ორი რაკეტა მოხვდა 20 წამის შუალედით.

ოფიციალურ პირებს თვითმფრინავის ჩამოგდების აღიარებისას ორი რაკეტის შესახებ არაფერი უთქვამთ, თუმცა პრეზიდენტ ჰასან როუჰანის განცხადებაში არის მინიშნება იმაზე, რომ თვითმფრინავს რამდენიმე რაკეტა ესროლეს.

"შეიარაღებული ძალების შიდა გამოძიებამ დაასკვნა, რომ რაკეტები ადამიანის შეცდომის გამო გაისროლეს, რამაც 176 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა." თქვა მან.

გუშინ ირანში განაცხადეს, რომ დააკავეს თვითმფრინავის ჩამოგდებაში პასუხისმგებელი პირები, თუმცა მათი რაოდენობა არ დაუკონკრეტებიათ. როუჰანიმ თქვა, რომ გამოძიებას სპეციალური სასამართლო წარმართავს, რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს.

გარდა ამისა ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დააკავეს 30-ზე მეტი ადამიანი.

ამ დრომდე ირანის ქუჩებში აქციები არ წყდება. თავდაპირველად აქციები დაღუპულებისათვის პატივის მისაგებად დაიწყო, თუმცა შემდეგომ ანტი-სამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და ცეცხლსასროლი იარაღიც კი გამოიყენა.

ასევე, ირანში განაცხადეს, რომ დააკავეს პირი, რომელმაც უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდების ვიდეო გადაიღო. ვიდეო New York Times-მა გაავრცელა, რის შემდეგაც მალევე ირანის რეჟიმს მოუხდა ეღიარებინა, რომ თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდეს.

სავარაუდოდ, დაკავებულს ბრალს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მუხლით წაუყენებენ.

თუმცა, ირანელი ჟურნალისტი, რომელმაც ვიდეო პირველმა გაავრცელა ირწმუნება, რომ მისი წყარო უსაფრთხოდაა და ირანში სხვა პირის შეცდომით დააკავეს.

კომენტარები