ფულადი გზავნილები

2019 წელს რეკორდული $1,7 მილიარდის ფულადი გზავნილები განხორციელდა

0 კომენტარი
ფოტო: REUTERS

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, 2019 წელს საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა თითქმის 10%-ით არის გაზრდილი და რეკორდულ 1,73 მილიარდ დოლარს უტოლდება. 

შედარებისთვის, 2018 წლის ჯამური მაჩვენებელი 1,57 მილიარდ დოლარი იყო, ზრდა წინა წელთან შედარებით დაახლოებით 160 მილიონი დოლარია.

ქვეყნების სია, საიდანაც ტრადიციულად ყველაზე მეტი გზავნილი ხორციელდება, უცვლელი დარჩა, თუმცა სიაში მოხვდნენ ახალი პარტნიორი სახელმწიფოებიც. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ყირგიზეთი, საიდანაც წინა წლის განმავლობაში საქართველოში 28 მილიონ დოლარზე მეტი გამოიგზავნა, ზრდა 150%-ს აღემატება. 

ზრდა შეინიშნებოდა ევროკავშირის უკლებლივ ყველა პარტნიორი ქვეყნიდან. თითქმის 12%-იანი ზრდა დაფიქსირდა აშშ-იდან, საიდანაც წინა წელს 178 მილიონი დოლარი მოცულობის გზავნილი განხორციელდა.

უკვე მეორე წელია, სტაბილურად იზრდება გზავნილების მოცულობა ისრაელიდანაც. ისრაელში მცხოვრები ქართველმა ემიგრანტებმა წინა წელს საქართველოში სულ 162 მილიონი დოლარი გამოგზავნეს, რაც 2018 წელთან შედარებით 7%-ით მეტია.

კლება დაფიქსირდა საქართველოს ორი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი სახელმწიფოდან.  რუსეთიდან განხორციელებული გზავნილების რაოდენობა წელს 6%-ით შემცირდა და 428 მილიონი დოლარი შეადგინა. მიუხედავად ამისა, რუსეთი საერთო სიაში მაინც პირველ ადგილზეა. უცნობია ზუსტად, რამ განაპირობა კლება, დიდი ალბათობით, ეს რუსეთში შექმნილ გართულებულ ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირდება. 

დასავლური სანქციების ფონზე რუსული ეკონომიკა ბოლო წლების განმავლობაში ან უმნიშვნელონოდ ან საერთოდ ვერ იზრდება. შესაბამისად, სტაგნაციას განიცდის რუსეთში დასაქმებული ადამიანების შემოსავლები, მათ შორის ქართველი ემიგრანტებისაც. 

რუსეთის გარდა, კლება დაფიქსირდა საქართველოს მთავარ პარტნიორ სახელმწიფოსთან, თურქეთთან. 2019 წელს წელს თურქეთიდან გამოგზავნილი ფულის მოცულობამ 94 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 10%-ით ჩამოუვარდება. ამის მიზეზი სავაურადოდ თურქეთის ეკონომიკაში არსებული პრობლემებია. 

კრიზისულ 2016-2018 წლებთან შედარებით, 2019 წელი მეზობელი თურქეთის ეკონომიკისთვის ნამდვილად უკეთესი იყო, თუმცა შოკები წელსაც ფიქსირდებოდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივი ვალუტის, ლირის განგრძობითი დევალვაცია და მაკროეკონომიკური ხასიათის პრობლემები. ცხადია, ეს აისახა იქ დასაქმებული ადამიანების შემოსავლებზეც. 

წელს ჩარიცხული ფულის ოდენობასთან ერთად გაიზარდა საქართველოდან გადარიცხული ფულის ოდენობაც. მთელი წლის განმავლობაში პირდაპირი ფულადი გზავნილების სახით საქართველოდან 237 მილიონი დოლარი გაიგზავნა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ომი 8 აგვისტოს დაიწყო" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები