ტაივანი

გამარჯვების შემდეგ ტაივანის პრეზიდენტმა ჩინეთს პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდა

ცაი ინგ-ვენი
Getty Images

მას შემდეგ, რაც ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში ცაი ინგ-ვენმა მეორედ გაიმარჯვა, ჩინეთს ტაივანის მიმართ მისი პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდა.

"ვიმედოვნებთ, რომ ჩინეთი ამ არჩევნების შედეგად ტაივანელი ხალხის მიერ გამოხატულ ნებას და აზრს გაიგებს და ამჟამინდელ პოლიტიკას გადახედავს," - თქვა ინგ-ვენმა.

11 იანვარს არჩევნებზე ინ-ვენმა ხმათა 57%, ანუ რეკორდული რაოდენობის - 8.2 მილიონი ხმა მიიღო და მნიშვნელოვნად გადაასწრო მთავარ მოწინააღმდეგეს, ხან ქუო-იუს, რომელიც ჩინეთთან დაახლოებას უჭერდა მხარს.

ტაივანის არჩევნებზე ჰონგ-კონგის აქციებმა გავლენა მოახდინა, სადაც პეკინის წინააღმდეგ დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მებრძოლ მილიონობით მომიტინგეს ნახევარ წელზე მეტია ძალადობრიად არბევენ. პეკინი კი ტაივანს უკვე წლებია ჰონგ-კონგში არსებული "ერთი ქვეყანა, ორი სისტემით" ჩინეთთან გაერთიანებას სთავაზობს. პარალელურად ჩინეთი საჭიროების შემთვევაში კუნძულის ასაღებად ასევე არც სამხედრო ძალის გამოყენებას გამორიცხავს.

ტაივანში პირველი დემოკრატიული არჩევნები 1996 წელს ჩატარდა, რითაც სამხედრო მმართველობა დასრულდა. ტაივანი ჩინურად მოსაუბრე საზოგადოებებს შორის ერთადერთია, სადაც დემოკრატიული მმართველობაა.

მას შემდეგ, რაც 2016 წელს ინ-ვენი გახდა პრეზიდენტი, პეკინმა ტაივანის მოკავშირეებზე წნეხი გაზარდა და ტაივანმა 7 დიპლომატიური მოკავშირე დაკარგა. ტაივანს, იგივე ჩინეთის რესპუბლიკას დღეს მხოლოდ 14 ქვეყანა და ვატიკანი აღიარებს. ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია დიპლომატიური ურთიერთობა ან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ან ტაივანთან, იგივე ჩინეთის რესპუბლიკასთან დაამყაროს. ტაივანს არ აღიარებს მისი უდიდესი მოკავშირე აშშ-იც, თუმცა არაოფიციალური ურთიერთობები გააჩნია, აშშ მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ტაივანის დემოკრატიას. აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ ტაივანის სამხედრო შეიარაღების მთავარი მიმწოდებელია.

ჩინეთი შიშობს, რომ ცაის ხელახალი გაპრეზიდენტების შემდეგ მისი დემოკრატიულ პროგრესული პარტია ტაივანი დამოუკიდებლობას გამოაცხადებს. ტაივანის დამოუკიდებლობის გამოცხადება ოფიციალური პეკინისთვის წითელი ხაზია.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 2005 წელს მიიღეს კანონი, რომლის თანახმად ძალას გამოიყენებდნენ თუ ტაივანი დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა.

კომენტარები