Human Rights Watch

HRW: 2019 წელს რუსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სიტუაცია უარესდებოდა

Human Rights Watch

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch გასული წლის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში საუბარია რუსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გაუარესებულ სიტუაციაზე. მასში აღნიშნულია, რომ სამოქალაქო აქტივიზს მთავრობა აკრძალვებით პასუხობს.

ანგარიშში ხაზია გასმული გასულ წელს მოსკოვში გამართული ადგილობრივი არჩევნების დროს მომიტინგეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე, დაკავებებზე და სამართლიანი სასამართლო პროცესის არ არსებობაზე.

ასევე საუბარია გარემოს და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული რისკების გამო გამართული პროტესტისას მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაზე და მათ დაკავებაზე.

ანგარიშში აღნიშნულია ახალი შეზღუდვები, რომლებიც ონლაინ აზრის გამოხატვაზე დაწესდა და შეშფოთებაა გამოთქმული ახალი კანონის გამო, რომელიც რუსეთის ინტერნეტ-სივრცის იზოლაციას ემსახურება. ასევე საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციების და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესებაზე და მათზე ზეწოლაზე.

ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ ახალი კანონი, რომელიც სიძულვილის ენას შეეხება ხშირად ლეგიტიმური პროტესტის ჩასახშობად გამოიყენება.

ასევე საუბარია სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ ძალადობაში, განსაკუთრებით კი ჩეჩნეთში უკანონო დაკავებებზე, წამებაზე და არაადამიანურ მოპყრობაზე, რისთვისაც პასუხისგებაში არავინ მიუციათ. ასევე საუბარია პოლიციის მიერ ადამიანების ეთნიკური ნიშნით გამორჩევაზე და მათ უკანონო დაკავებაზე. აღნიშნულია ისიც, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევები კვლავ ხშირია.

Human Rights Watch-ის ანგარიშის მიხედვით რუსეთის ციხეებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევები კვლავ ფართოდ არის გავრცელებული.

ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული დაჯგუფებებისათვის პოლიტიკური და მატერიალური დახმარების გაწევას. ნათქვამია, რომ რუსეთი არაფერს აკეთებს აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ ძალადობის, უკანონო დაკავებების, დაკავებულთა უფლებების დარღვევის შესაჩერებლად.

ასევე ცალკე თავი ეთმობა სირიაში რუსეთის როლს და ბაშარ ალ-ასადის ძალების მხარდაჭერას, რის ფარგლებშიც ისინი მონაწილეობენ თავდასხმებში, რომელთა სამიზნესაც სკოლები, საავადმყოფოები და სამოქალაქო ნაგებობები წარმოადგენს, პარალელურად კი, რუსეთი ბლოკავს გაეროში ასადის რეჟიმის დანაშაულებების გამოძიებას და მის პასუხისგებაში მიცემას.

შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს რუსეთში ადგილობრივი არჩევნები გაიმართა. პუტინის პარტიამ "ერთიანი რუსეთი" 45-დან 25 ადგილი დაიკავა, მეორე ადგილზე კომუნისტური პარტია გავიდა 13 ადგილით. ალექსეი ნავალნის მოკავშირეებს მოსკოვის ცესკომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა. რუსეთის დედაქალაქი საპროტესტო აქციებმა მოიცვა, რომელიც ქალაქის საკრებულოს არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდასაჭერად იმართებოდა. პოლიციამ აქციები ძალადობრივად არაერთხელ დაარბია. მხოლოდ 27 ივლისს აქციაზე პოლიციამ 1300-ზე მეტი ადამიანი დაკაავა.

პირველ ნოემბერს რუსეთში გლობალური ინტერნეტიდან გამოთიშვის ე.წ. სუვერენული ინტერნეტის კანონი ამოქმედდა. "სუვერენული ინტერნეტის" კანონი რუს მაღალჩინოსნებს მეტი ცენზურის უფლებას ანიჭებს. კანონი მიზნად ისახავს, ინტერნეტპროვაიდერებმა შეიმუშავონ ისეთი ინფრასტრუქტურა, რომლის ფარგლებშიც, თუკი "გარე ძალები" ქვეყნის საერთაშორისო ინტერნეტისგან იზოლირებას შეეცდებიან, რუსეთს ინტერნეტი მაინც მიეწოდებოდეს. 

აღნიშნული კანონით რუსეთის მთავრობას ქვეყანაში "საგანგებო ვითარებაში" შეეძლება გათიშოს კავშირი ან სრულიად მოაშოროს რუსეთი მსოფლიო ვებსივრცეს (WWW). ამისთვის მათ თავდაპირველად ალტერნატიული ინტერნეტ დომენი უნდა შექმნან. მთავრობა გადაწყვეტს, თუ რა შეიძლება იყოს საგანგებო ვითარება და რა ზომები უნდა მიიღონ მათ. 

კანონით ასევე ინტერნეტ სერვისის მომწოდებლები ვალდებულნი არიან დააყენონ ისეთი ქსელური მოწყობილობა ე.წ. შემოწმების ღრმა პაკეტი, რომლითაც ინტერნეტში წყაროს და შინაარსის იდენტიფიცირება შეეძლებათ. 

კომენტარები