Human Right Watch-ის ანგარიში 2020

HRW-ის ანგარიში ირანზე: მშვიდობიანი აქციების დარბევა, დაკავებები, ზეწოლა

Human Rights Watch

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch-მა 2019 წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ირანი ადამიანის უფლებათა დარღვევების, მშვიდობიანი მომიტნგეების დარბევის და დაკავების, რეპრესიული პოლიტიკის და წამების ფაქტების გამო არის გაკრიტიკებული.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ირანი ძალადობრივად ახშობს საპროტესტო აქციებს, მათ შორის ნოემბერში საწვავზე ფასების გაზრდის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართულ გამოსვლებს და აკავებს მომიტინგეებს. ამასთანავე მთავრობა ცდილობს დამალოს აქციების დარბევისას დაღუპულთა რეალური რიცხვი. საუბარია აქტივისტების დაკავებაზე და მათთვის სამართლიანი სასამართლო პროცესის არარსებობაზე.

ანგარიშში მოყვანილია არაადამიანური მოპყრობის და სიკვდილით დასჯის ფაქტებიც. Human Rights Watch-ის მიხედვით 2019 წლის 1 ნოემბრამდე ქვეყანაში სიკვდილით სულ მცირე 227 ადამიანი დასაჯეს, მათ შორის იყო ერთი არასრულწლოვანი, ხოლო ორი პირი, რომელთაც დანაშაული, რის გამოც გაასამართლეს, მაშინ ჩაიდინეს, როდესაც არასრულწლოვნები იყვნენ.

ირანში სიკვდილით ისჯება ისეთი ქმედებები, როგორიცაა მაგალითად მოციქულ მუჰამედის შეურაცხყოფა, ერთნაირსქესიანთა ურთიერთობა და ღალატი. ადამიანებს გაროზგვა მიესაჯათ ისეთი ქმედებებისთვის, როგორიცაა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, რაც ხშირ შემთხვევაში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენება.

2019 წლის 11 მარტს ადამიანის უფლებათა დამცველ ადვოკატს ნასრინ სოტოუდეს 33 წლიანი პატიმრობა და 148 შოლტი მიესაჯა მშვიდობიანი აქტივიზმისათვის, მათ შორის იმ ქალების უფლებების დაცვისათვის, ვინ ჰიჯაბის ტარების ვალდებულებას აპროტესტებდნენ.

ასევე დაფიქრიდა შემთხვევები, როდესაც დაკავებული აქტივისტები ციხეში გარდიცვალნენ, თუმცა ირანის ხელისუფლებამ შემთხვევები არ გამოიძია და თვითმკვლელობის კვალიფიკაცია მისცა.

დაკავებულები საუბრობენ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე და ცრუ ჩვენებების მისაცემად მათზე ზეწოლაზე.

ანგარიშში ხაზგასმულია გენდერული და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევების სიხშირეც. ასევე მთავრობის მხრიდან ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაციის ფაქტებიც.

შეგახსენებთ, რომ ირანში კვლავ მიმდინარეობს მასშტაბური ანტი-სამთავრობო გამოსვლები უკრაინის ავიახაზების ჩამოგდების და ფაქტის გადამალვის მცდელობის გამო. უშიშროების ძალებმა მომიტინგეების დაშლა ცრემლსადენი გაზით და ხელკეტებით სცადეს. დააკავეს ათობით ადამიანი. გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, რომ მათ აქციის მონაწილეების წინაარმდეგ ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენეს.

გასული წლის ნოემბერში ირანში ნავთობის ფასის გაზრდის და რაციონების დაწესების გამო გამართულ საპროტესტო აქციებზე 100-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. ირანის მთავრობის თქმით დააკავეს აქციების 100-მდე ლიდერი. აქციები 93 ქალაქში გაიმართა. ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომა სრულად გაწყვიტეს. ისპაჰანსა და თეირანში შეჩერდა მეტროს მუშაობაც. ამ დრომდე ირანის მთავრობა მხოლოდ 12 ადამიანის დაღუპვას აღიარებს, თუმცა Amnesty International-ის მიხედვით ეს რიცხვი ბევრად მაღალია.

კომენტარები