ვოლსკი შოთაძის შესაძლო დაბრუნებაზე: რეკომენდაციას თუ გაუწევენ, მე მხარს დავუჭერ

ტაბულა

უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი ირაკლი შოთაძის კვლავ შესაძლო მთავარ პროკურორობას ეხმიანება და ამბობს, რომ თუ გადამდგარ პროკურორს რეკომენდაციას გაუწევენ, ის მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს. ვოლსკი ამბობს, რომ შოთაძის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, პროკურატურაში საინტერესო რეფორმები განხორციელდა.

"მე მხარს დავუჭერ და არა იმიტომ რომ რამე პრობლემა აქვს, პირიქით, მის პერიოდში საკმაოდ ბევრი საქმე იყო სწორად წარმათული სასამართლოში. საინტერესო რეფორმები განხორციელდა"- ამბობს ვოლსკი. 

მისივე თქმით, დავით სარალიძის საქმესთან დაკავშირებით შოთაძემ გადადგომის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ოპოზიციის მხრიდან გავლენის თემაზე სპეკულაცია არ ყოფილიყო.

ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე კვლავ გენპროკურორობის კანდიდატია. მთავარი პროკურატურის ცნობით, მისი კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარუდგინა.

ამ დროისთვის, საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 9 კანდიდატია წარდგენილი. მთავარი პროკურატურის ცნობით, კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა გრძელდება 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით.

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის მაისში, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო დაწყებული აქციების შემდეგ გადადგა. ის თანამდებობას 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა.

კომენტარები