რუსეთი

VEDOMOSTI: პუტინის მიერ პრემიერად წარდგენილი მიშუსტინი ლეპსის სიმღერების მუსიკის ავტორია

Alexey Nikolsky / AFP

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, მიერ პრემიერმინისტრად წარდგენილი კანდიდატი მიხაილ მიშუსტინი პოპულარული რუსი მომღერლის, გრიგორი ლეპსის, რამდენიმე სიმღერის მუსიკის ავტორი აღმოჩნდა. 

ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია vedomosti.ru მიშუსტინის ნაცნობებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

რუსი ავტორების საზოგადოების (РАО) რეესტრში მითითებულია, რომ მიხაილ მიშუსტინი სიმღერების Зола და Настоящая женщина მუსიკის ავტორია, რომელსაც ლეპსი ასრულებს. 

სბერბანკის ხელმძღვანელობამ მიშუსტინს 46 წლის იუბილე გაზეთ კომერსანტის საშუალებით მიულოცა, მილოცვის ტექსტში კი კოლექტივი მიშუსტინის მუსიკალურ ნიჭს უსვამდა ხაზს:

"ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, რომ თქვენ კომპოზიტორიც ხართ, რომელიც შესანიშნავ მუსიკას წერს და რომ ზოგიერთი თქვენი დაწერილი მუსიკა ნამდვილი ჰიტი გახდა".

ТАСС-ის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ ბიოგრაფიაში წერია, რომ მიშუსტინი როიალზე უკრავს. 

თუმცა, გრიგორი ლეპსის წარმომადგენელი vedomosti-ისთან არ ადასტურებს, რომ სწორედ ის მიშუსტინია მუსიკის ავტორი და ამბობს, რომ მისი მოგვარეა. 

პუტინმა რუსეთის პრემიერმინისტრის პოსტზე მიშუსტინის კანდიდატურა მას შემდეგ წამოაყენა, რაც 15 იანვარს რუსეთის მთავრობა სრული შემადგენლობით და დიმიტრი მედვედევის მეთაურობით გადადგა.  

ამას წინ უძღოდა პუტინის მიერ წამოყენებული ინიციატივა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე. რუსეთის პრეზიდენტს სურს, რუსეთი საპრეზიდენტოდან საპარლამენტო რესპუბლიკად იქცეს, სადაც ძირითადი ძალაუფლება პრემიერმინისტრს ექნება და ამგვარად მეოთხე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ კვლავ შეინარჩუნოს მმართველობა. 

53 წლის მიშუსტინი ფედერალურ საგადასახადო სამსახურს 2010 წლიდან ხელმძღვანელობდა. მანამდე ის კომპანია UFG group-ის პრეზიდენტი იყო - ეს ერთერთი მსხვილი კომპანიაა რუსეთში აქტივების მართვისა და პირდაპირი ინვესტიციების სფეროში.

საგადასახადო სამსახურში მუშაობა მიშუსტინმა 1998 წლიდან დაიწყო. მოგვიანებით კადასტრის ფედერალურ სააგენტოს ხელმძღვანელობდა, ასევე ხელმძღვანელობდა ეკონომიკური ზონების მართვის ფედერალურ სააგენტოს.

მიშუსტინი რუსეთის ჰოკეის ფედერაციის, ასევე ჰოკეის კლუბ ЦСКА-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

კომენტარები