c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა

ხუნდაძე ვადაგასულ მედიკამენტებზე: ჯობია, წამალს დააკლდეს პაციენტი, ვიდრე პაციენტს - წამალი

ტაბულა

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს შეტევა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე. მისი თქმით, "სიკეთის დისკრედიტაცია ბოროტებაა" და "ჯობია, წამალს დააკლდეს პაციენტი, ვიდრე პაციენტს - წამალი". ხუნდაძის აზრით, ოპოზიციას ხელისუფლების დასაზიანებლად მსოფლიოში უპრეცედენტო პროექტის გაუფასურება უნდა.

"საქართველოში სკრინინგის მოცვის პროგრამა, რომელიც ბოლო პერიოდში, კიდევ უფრო გავრცელდა და გაშლილია მთელი ქვეყნის მასშტაბით 1200 წერტილში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის აღიარებული, მაგრამ არ მოსწონს ჭიაბერაშვილს. გაურკვეველ კალკულაციებს აკეთებს, ივიწყებს წარსულს და ცდილობს, რეალობა თავდაყირა დააყენოს. დაგვიწუნა 65.000 ნამკურნალები პაციენტი და ბრალი დაგვდო, კიდევ 2000 პაციენტის სამკურნალო პრეპარატი გქონდათ და რატომ არ გამოიყენეთო? თითქოს ამ 2000 პაციენტს უარი ვუთხარით მკურნალობაზე. ის კი არ იცის, ან არ უნდა იცოდეს, რომ წამლის მარაგის ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია და 3-5%-ის ფარგლებში მეტობა დასაშვებია. ეს არ არის დანაშაული. ჯობია წამალს დააკლდეს პაციენტი, ვიდრე პაციენტს - წამალი. ეს არ არის წამლის გასაღების პროგრამა, ის ემსახურება პაციენტის განკურნებას" - ამბობს ხუნდაძე.

ცნობისთვის, საქართველოსთვის უსასყიდლოდ გადმოცემულ 560 645 038 ლარი ღირებულების C ჰეპატიტის მედიკამენტებს ვადა გაუვიდა, ამის ძირითად მიზეზად კი, პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების შემცირებული მიმართვიანობა სახელდება.  

საქართველო C ჰეპატიტით დაავადებულთა რაოდენობით მსოფლიოში ერთერთი პირველია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის შეფასებით, ეს ვირუსი მოსახლეობის 7.7%-ს აქვს. სწორედ ეს საგანგაშო ვითარება გახდა მიზეზი, რის გამოც ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Gilead-მა გამოთქვა თანხმობა, რომ საქართველოსთვის სრულიად უსასყიდლოდ გადაეცა C ჰეპატიტის ახალი თაობის მედიკამენტები.

C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა. პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია Gilead-ის მხარდაჭერით.

კომენტარები