ბოკერია: ოპოზიცია ივანიშვილს ამ სისტემის პირობებშიც კი ნაკლები ზიანის ხარჯზე დავამარცხებთ

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ოპოზიციური სპექტრის პირველი ამოცანა და ვალდებულება საპროტესტო აქციების გაგრძელებაა, რათა ქართული ოცნების ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, შეასრულოს დაპირება და მიიღოს პროპორციული საარჩევნო სისტემა. 

ტვ პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში ბოკერიამ თქვა, რომ ამის მისაღწევად ოპოზიციამ ყველა შიდა და გარე ლეგიტიმური რესურსი უნდა გამოიყენოს, თუმცა ამავე დროს უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ საქმე აქვთ "აგონიაში მყოფ ლიდერთან და მის კლოუნებთან". 

"ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ თუ სხვადასხვა მიზეზის გამო, ამ რყევის შედეგად მაინც შეძლო და ეს საარჩევნო სისტემა დატოვა, რომელიც დღეს არის, ამ სისტემის პირობებშიც კი ქვეყნისთვის ნაკლები ზიანის ხარჯზე დავამარცხებთ," - ამბობს ბოკერია.

თუ როგორ აპირებს ოპოზიციური სპექტრი ამის გაკეთებას, ბოკერია პასუხობს, რომ ეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებზე შეჯერების ხარჯზე მოხდება და ივანიშვილი ვერ შეძლებს "იმ კარტის გათამაშებას", რომ რომელიმე ერთ პოლიტიკურ ძალასთან მარტო დარჩეს. 

"არ დარჩება ის ერთი ერთზე, ეს არჩევანი აღარ იქნება. პირველ ტურში დასრულდება ყველაფერი,"- ამბობს ბოკერია. 

დეპუტატი აღნიშნავს, რომ მართალია ოპოზიციური სპექტრის ამოცანა ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაა, თუმცა ამას გარდა პარტიებს შორის უზარმაზარი განსხვავებები არსებობს, რომლებიც ფასეულობებსა და ღირებულებებს ეხება. 

"არჩევნების შემდეგ შევცვლით ამ საარჩევნო სისტემას და ატარდება ვადამდელი პროპორციული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სადაც უკვე ერთმანეთის კონკურენტები ვიქნებით და საზოგადოებას შევთავაზებთ, ვის როგორი ხედვა აქვს ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად,"- ამბობს გიგა ბოკერია. 

კომენტარები