ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო: 17 იანვარს თბილისში თოვლჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი

Reuters

17 იანვარს თბილისში თოვლჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი. ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი გარემოს ეროვნული სააგენტოს მთავარ სინოპტიკოსზე, ნონა ელისაშვილზე, დაყრდნობით ავრცელებს. 

ელისაშვილი ამბობს, რომ დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია მცირე თოვლი და ნისლი, იქროლებს ქარი აღმოსავლეთის მიმართულებით. 

ამასთან, სინოპტიკოსების პროგნოზით მომდევნო დღეების განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდი იქნება. 

"ხვალისთვის დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და ველოდებით უმეტესად უნალექო ამინდს. რაც შეეხება დაბლობის ტემპერატურას, გვექნება 8-13 გრადუსის ფარგლებში, მთაში 3-8, ხოლო მაღალ მთაში 0-5 გრადუსი სითბო. აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, ველოდებით მცირე თოვლს და ნისლს, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამის სიჩქარით. ტემპერატურა ბარში და მთაში 2-7 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში გვექნება ზოგად -5 გრადუსი ყინვა. 

რაც შეეხება დედაქალაქს, დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. შესაძლებელია დილის საათებში მცირე თოვლჭყაპი და ნისლი, იქროლებს სამხრეთ აღმოსავლეთის ქარი. დღის განმავლობაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 6 გრადუსს მიაღწევს. მომდევნო დღეებში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება,"- ამბობს ელისაშვილი. 

კომენტარები