გენერალური პროკურატურა

ბოკერია შოთაძეზე: სარალიძის საქმის ჩაფარცხვის შემდეგ მისი დაბრუნება აგონიის გამოვლინებაა

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის კვლავ გენპროკურორის პოსტზე წარდგენას გამოეხმაურა.

"ივანიშვილის მხრიდან ამ სკანდალური ადამიანის დაბრუნება იმ სამარცხვინო საქციელის შემდეგ, რაც მან ჩაიდინა, როცა ჩაფარცხა სარალიძის საქმე, არის აგონიის გამოვლინება. აგონიაში მყოფი ივანიშვილი საზოგადოებასაც ეუბნება, რომ ფეხებზე ჰკიდია მათი რეაქცია. ისე უჭირს და იმდენად არ ენდობა არავის, რომ ისევ გაკვალულ გზაზე წავიდა და ეს გამოცდილი კლოუნი დააბრუნა თანამდებობაზე",-თქვა გიგა ბოკერიამ "მთავართან" ინტერვიუში. 

ცნობისთვის, ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გუშინ, 16 იანვარს, წარუდგინა

ამ დროისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 9 კანდიდატია წარდგენილი. მთავარი პროკურატურის ცნობით, კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა გრძელდება 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით.

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის მაისში, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო დაწყებული აქციების შემდეგ გადადგა. ის თანამდებობას 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა. 

საპროკურორო საბჭოს ირაკლი შოთაძის კანდიდატურაზე მხარის არდაჭერისკენ მოუწოდებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC). ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განხადებაში წერია, რომ გასათვალისწინებელია, რომ ირაკლი შოთაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობა დატოვა მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად, რომელიც უკავშირდებოდა ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ხორავას ქუჩის საქმეზე პროკურატურის საქმიანობის არაეფექტიანობას და სისტემურ ჩავარდნას.

გენერალური პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ გამწესდა. 

კომენტარები