გენერალური პროკურორი

მელია შოთაძის შესაძლო დაბრუნებაზე: ქართულ ოცნებაში კადრების შიმშილია

რადიო თავისუფლება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნიკა მელია, ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის კვლავ გენპროკურორის პოსტზე წარდგენას გამოეხმაურა. მისი თქმით, ქართულ ოცნებაში "კადრების შიმშილია".

"მათ არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ, რომ თვალის ასახვევად გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ნორმალური კანდიდატი მაინც დანიშნონ. ეს არის ადამიანი, რომელიც ბინძური საქმეების შესრულებისას ლაფშია ამოსვრილი. ბიძინა ივანიშვილს გენპროკურორად სჭირდება ადამიანი, რომელიც 100%-ის კონტროლს იქნება დაქვემდებარებული",-უთხრა ნიკა მელიამ ტელეკომპანია პირველს. 

ცნობისთვის, ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გუშინ, 16 იანვარს, წარუდგინა. 

ამ დროისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 9 კანდიდატია წარდგენილი. მთავარი პროკურატურის ცნობით, კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა გრძელდება 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით.

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის მაისში, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო დაწყებული აქციების შემდეგ გადადგა. ის თანამდებობას 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა. 

საპროკურორო საბჭოს ირაკლი შოთაძის კანდიდატურაზე მხარის არდაჭერისკენ მოუწოდებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC). ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განხადებაში წერია, რომ გასათვალისწინებელია, რომ ირაკლი შოთაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობა დატოვა მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად, რომელიც უკავშირდებოდა ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ხორავას ქუჩის საქმეზე პროკურატურის საქმიანობის არაეფექტიანობას და სისტემურ ჩავარდნას.

გენერალური პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ გამწესდა. 

კომენტარები