ხაზარაძე: ომბუდსმენის დასკვნა ნათლად მიანიშნებს, რომ TBC-ის საქმე არის თითიდან გამოწოვილი

TBC ბანკის დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე ომბუდსმენის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის მასალებში არ ჩანს ფულის გათეთრების დანაშაულის აუცილებელი ელემენტები. მამუკა ხაზარაძის თქმით, განცხადება ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ ეს არის თითიდან გამოწოვილი საქმე.

"სხდომაზე უკვე საუბარიც კი აღარ ღირს, ეს არის ფარსი, დადგმული ბიძინა ივანიშვილის მიერ. ეს არის მარიონეტული პროკურატურა, რომელიც დაკავებულია იმით, რომ სხდომის მერე პიარულად რაღაცა მიაწოდოს საზოგადოებას. უკვე ეს მასალაც აღარ აქვთ, განსაკუთრებით, როცა რამდენიმე დასკვნა დაიდო გარე ექსპერტების, არამარტო ქართვლების, არამედ უცხოელების. ომბუდსმენის დასკვნა ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ ეს არის თითიდან გამოწოვილი საქმე", - თქვა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ ეს განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში გააკეთა. დღეს სასამართლოში საქმეზე მორიგი სხდომა იმართება. ბადრი ჯაფარიძის თქმით, პროკურატურას ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გააჩნია.

"პროკურორები პავლიკ მოროზოვის შემართებით, ფიქრობენ, რომ პიარულად მოახერხებენ იმის წარმოჩენას, რაც არ არსებობს, თეთრის შავად წარმოჩენას. სამწუხაროდ, ისინი არიან იმ სისტემის ნაწილი, რომლის სათავეში დღევანდელი მმართველია. დღევანდელი თუ შემდგომი პროცესები იქნება ერთი და იგივე, ვნახავთ, რომ არანაირი დამადასტურებელი იმ ყოვლად უსინდისო ბრალდების, რომელიც ჩვენ გვაქვს წამოყენებული, არ არსებობს", - თქვა ჯაფარიძემ.

TBC ბანკის საქმეზე სასამართლო არსებითი განხილვის ეტაპზეა. დღეს, სავარაუდოდ, 8 მოწმე გამოიკითხება. ადვოკატების განმარტებით, ესენი არიან ბანკის ყოფილი თანამშრომლები, რომლებსაც 2008 წელს შეხება ჰქონდათ კრედიტის გაცემასთან.

"მოლოდინები იგივეა, ამას ამყარებს სახალხო დამცველის მიერ გაცემული ძალიან კვალიფიციური დასკვნა, რომელიც მიუთითებს, რომ საქმეში ფულის გათეთრების არც ერთი ნიშანი არ არის. დღეს ველოდებით, რომ გამოცხადდებიან თიბისი ბანკის ის თანამშრომლები, რომლებსაც 2008 წელს შეხება ჰქონდათ კრედიტის გაცემასთან. მათ მიერ არც გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში არაფერია საუბარი დანაშაულის ნიშნებზე და დღესაც მოლოდინი გვაქვს, რომ არაფერი მსგავსი არ იქნება", - თქვა ადვოკატმა.

ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის მასალებში არ იკვეთება იმ ელემენტების არსებობა, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ქმედება ჩაითვალოს ფულის გათეთრების დანაშაულად.

ამის შესახებ აღნიშნულია სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში, რომლითაც ომბუდსმენმა TBC ბანკის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარუდგინეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათას ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.

TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. 14 თებერვალს კი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა".

კომენტარები