გენერალური პროკურორი

თალაკვაძე შოთაძეზე: გვახსოვს არაერთი ეფექტურად, დროულად გამოძიებული მნიშვნელოვანი საქმე

0 კომენტარი

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის კვლავ გენპროკურორის პოსტზე წარდგენას გამოეხმაურა. მისი თქმით, შოთაძის საქმიანობის დროს "არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გვახსოვს, რომელიც იყო გამოძიებული ეფექტურად, დროულად." 

"არის კონკრეტული საქმეები, სადაც მძიმე დანაშაულებთან გვქონდა საქმე, იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები, მკვლელობის შემთხვევები და საქმეები, სადაც საზოგადოების ინტერესი იყო მაღალი. შემიძლია კონკრეტული საქმეები ჩამოგითვალოთ, ეს იყო ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობები, ორგანიზებული დანაშაულის შემთხვევები, ნარკოტრეფიკინგი. ჩემი აზრით, პროკურატურა მისი ხელმძღვანელობით ამ საქმეებს ეფექტურად ახორციელებდა, ებრძოდა დანაშაულს",-თქვა თალაკვაძემ.  

თალაკვაძის თქმით, ფიქრობს, რომ პარლამენტში მისი კანდიდატურის წარმოდგენის შემთხვევაში უმრავლესობა შოთაძეს მხარს დაუჭერს. 

"მე არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ მისი კანდიდატურა შესაძლოა იყოს ერთ-ერთი, რომელიც, წარმოდგენილი იქნება პარლამენტში განსახილველად და ვფიქრობ, უმრავლესობის მხრიდან მის კანდიდატურას ნამდვილად ექნება მხარდაჭერა",-თქვა თალაკვაძემ. 

არჩილ თალაკვაძემ ხორავას ქუჩის საქმის შემდეგ ირაკლი შოთაძის მიერ თანამდებობის დატოვებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ შოთაძემ ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო.

"მაშინაც, როდესაც საზოგადოებას ჰქონდა კითხვები და როდესაც დაზარალებულმა გამოთქვა კითხვები მის მიმართ, მან ასევე მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება და დატოვა თანამდებობა ნიშნად იმისა, რომ თანამდებობა და სტატუსები არ არის მთავარი ჩვენი ხელისუფლების პირობებში",-თქვა თალაკვაძემ. 

ცნობისთვის, ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გუშინ, 16 იანვარს, წარუდგინა. 

ამ დროისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 9 კანდიდატია წარდგენილი. მთავარი პროკურატურის ცნობით, კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა გრძელდება 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით. 

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის მაისში, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო დაწყებული აქციების შემდეგ გადადგა. ის თანამდებობას 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა.  

გენერალური პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ გამწესდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები