ჯანდაცვის სისტემა

ჯაფარიძე: მედიკამენტების პროგრამის დაფინანსებას 500%-ით გავზრდით

ლელოს ერთერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ საქალაქო სასამართლოსთან დღეს "ლელოს" ჯანდაცვის პოლიტიკის ხედვა გააცნო მოსახლეობას და ჯანდაცვის სისტემის მიერ არაეფექტურად დახარჯულ თანხებზე ისაუბრა.

ჯაფარიძის თქმით, გამარჯვების შემთხვევაში "ლელო" გაზრდის მედიკამენტების პროგრამის დაფინანსებას 500% -ით, რათა მოსახლეობას მიეწოდოს გაიაფებული და ხარისხიანი მედიკამენტები. ჯაფარიძის თქმით, დაავადებას უნდა ებრძოლო არა იმ ეტაპზე, როდესაც ვეღარ ხდება განკურნება, არამედ პრევენციაში უნდა ჩაიდოს ის ინვესტიცია, რომ თავიდან ავირიდოთ მძიმე დაავადებები. ამიტომ 100%-ით მოხდება დაფინანსების გაზრდა პროფილაქტიკური და პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე.

"ჩვენი ამოცანაა, მნიშვნელოვნად გაიზარდოს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია გაიზარდოს კერძო სადაზღვეო კომპანიების როლი ჯანდაცვის სერვისების დაფინანსებაში, რათა არსებობდეს მდგრადი სისტემა, რაც დღეს არ გაგვაჩნია. რაც შეეხება ბოლო ინიციატივას, რომელიც ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა ბრძანების სახით გააფორმა, მოგეხსენებათ, რა აჟიოტაჟი გამოიწვია. ჩვენი აზრით, შეიქმნა დიდი რისკები, რომ ჯანდაცვის სფერო აღარ იყოს საინვესტიციოდ საინტერესო, რომ  მაღალკვალიფიციური კადრების გადინება დაიწყოს საქართველოდან, რაც ძალიან დიდი პრობლემაა და, შესაბამისად, არსებული სავალალო სამედიცინო სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდეს." - თქვა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძე ამბობს, რომ ჯანდაცვის ის პროგრამა, რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ დანერგა, სრულიად არაეფექტური და არამდგრადია. მსივე თქმით, მთავრობა ამით ტავს იწოდებდა, თუმცა როგორც გამოჩნდა, ეს იყო სისტემა, რომელიც თავიდანვე არ იყო სწორად დაგეგმილი და, შესაბამისად, გამოიწვია კორუფციის ხვრელების შექმნა.

"2013 წლიდან დღემდე მოსახლების მხრიდან მედიკამენტებზე დახარჯულია 5,3 მილიარდი ლარი, რის შედეგადაც გაღარიბდა 500 000 ადამიანი. 2013 – 2019 წლებში სახელმწიფოს 350 მილიონი ლარის დავალიანება დაუგროვდა ექიმებისა და ექთნების მიმართ. მოსახლეობის 50%-ზე მეტი უპირატესობას საზღვარგარეთ მკურნალობას ანიჭებს. ეს იმ დროს , როდესაც დაიხარჯა 12 მილიარდ ლარზე მეტი.  ეს არის თანხები , რომელიც ბიუჯეტში ჩვენი გადასახადებიდან შედის. ეს არის ჩვენ მიერ შეტანილი თანხები, რაც ასე უყაირათოდ იხარჯება და საბოლოო ჯამში არ აისახება თითოეული მოქალაქისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე და მის კეთილდღეობაზე," - ამბობს ჯაფარიძე.

კომენტარები