გიგი წერეთელი

გიგი წერეთელმა ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს სიტყვით მიმართა

ევროპული საქართველოს დეპუტატმა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გიგი წერეთელმა სიტყვით მიმართა ვენაში გამართულ ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს.

სხდომაზე წერეთელმა ეუთოს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებზე, კონფლიქტებზე და მათი მოგვარების პროცესში ეროვნული პარლამენტების როლზე უსაუბრა.

წერეთელი შეეხო უკრაინა-რუსეთის კონფლიქტს და მიესალმა უკანასკნელ პერიოდში მოლაპარაკებების დაწყებასა და ტყვეების გაცვლას:

"მინდა მივესალმო უკრაინასა და რუსეთს შორის ბოლო პერიოდში უმაღლესი დონის მოლაპარაკებების დაწყებას. ტყვეების გაცვლა, ხიდების აღდგენა, საკონტროლო-გამშვები დამატებითი პუნქტების გახსნა უკეთესი მომავლის იმედს აჩენს."

მან ასევე წუხილი გამოთქვა, რომ ამდაგვარ პოზიტიურ განვითარებას არ აქვს ადგილი რუსეთისა და საქართველოს კონფლიქტის შემთხვევაში:

"სამწუხაროა, რომ მსგავსი ცვლილებები არ შეინიშნება საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მიმართ და საქართველოში კვლავაც გრძელდება უკანონო ბორდერიზაცია და ჰუმანიტარული კრიზისი, რაც საერთაშორისო სამართლის და ეუთო-ს  ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის კი კვლავაც გაუსაძლის პირობებია შექმნილი," - აღნიშნა გიგი წერეთელმა.

ვენაში გამართულ სხდომას ეუთოს ხელმძღვანელობა და 57 წევრი სახელმწიფოს ელჩი ესწრებოდა.

კომენტარები