რუსეთი

კარგი ტექნოკრატი და ლეპსის სიმღერის ავტორი - ვინ არის რუსეთის ახალი პრემიერი

აკა ზარქუა
0 კომენტარი

15 იანვარს ვლადიმერ პუტინის ყოველწლიურ მიმართვის შემდეგ, რუსეთის მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომით, ქვეყნის მდორე, დაჭაობებულ პოლიტიკურ ცხოვრებაში იშვიათად საინტერესო მომენტი დადგა. რამდენიმე წუთიანი საყოველთაო გაურკვევლობისა და გაოცების შემდეგ, მალევე ყველაფერი თავის ადგილზე დადგა - ვლადიმერ პუტინი ძალაუფლების კიდევ ერთი ტრანსფერისთვის ემზადება. 

ეს იყო ერთგვარი სასახლის გადატრიალება, რომლის ინიციატორიც თავად იმპერატორი იყო. 

ორი საპრემიერო და სამი საპრეზიდენტო ვადის შემდეგ, ამჯერად პუტინმა უფრო ბუნდოვანი არჩევანი გააკეთა. 2008 წლისგან განსხვავებით, უცნობია, თუ რა თანამდებობას აირჩევს რუსეთის უცვლელი მმართველი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. მის მიერვე ინიცირებული ცვლილების მიხედვით, ფორმალურად იზრდება დუმის და ფედერაციის საბჭოს ძალაუფლება, სუსტდება პრეზიდენტის უფლებამოსილება, თუმცა იხსნება ორი ვადის საკონსტიტუციო ლიმიტიც პრეზიდენტობაზე. 

როგორც ჩანს, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, პუტინი ისეთ პოსტს დაიკავებს, რომელზეც ყოველდღიური რუტინით ნაკლებად დაიტვირთება. პუტინი შეეცდება, ირანის უმაღლესი ლიდერის მსგავსი თანამდებობა დაიკავოს - აიათოლა პუტინი, რასაკვირველია, შეინარჩუნებს ძალაუფლების ყველა მნიშვნელოვან ბერკეტს, იგი დარჩება მთავარ არბიტრად და საჭეთმპყრობელად და, ამავდროულად, გათავისუფლდება ძალაუფლების ტრანსფერის კიდევ ერთი აუცილებლობისგან. 

ცვლილებების რეალური არსისა და მიზნის გათვალისწინებით, ახალი პრემიერის ვინაობა ნაკლებადაა მნიშვნელოვანი, რადგანაც გასაგებია ცვლილების ფორმალური ხასიათი. მიშუსტინის კანდიდატურას უკვე დაუჭირა მხარი დუმამ, მათ შორის ფორმალურმა ოპოზიციამაც, წინააღმდეგ მხოლოდ კომუნისტური პარტია წავიდა. ცვლილების სუფთა ტექნიკური ხასიათის გათვალისწინებითაც კი, მიშუსტინის კანდიდატურა ბევრისთვის მოულოდნელობად იქცა.

როგორც ჩანს მათ რიცხვში იყო თავად ახალი პრემიერიც - Financial Times-ის ინფორმაციით, საკუთარი დანიშვნის შესახებ მიშუსტინმა მხოლოდ მთავრობის გადადგომის შემდეგ გაიგო. 

ვინ არის მიხეილ მიშუსტინი?

უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ მიშუსტინი არ არის საჯარო ფიგურა, რომელსაც პოლიტიკური ამბიციები გააჩნია, იგი წმინდა წყლის ტექნოკრატია. ეს რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ნაცადი ხერხია. იმავე მახასიათებლების პრემიერები პუტინისა და მანამდე ბორის ელცინის მთავრობაშიც ვიქტორ ზუბკოვი და მიხაილ ფრადკოვი იყვნენ.

რაც შეეხება მიშუსტინის ტექნოკრატობას, ამ მიმართულებით მას ნამდვილად უნაკლო რეპუტაცია აქვს. მიშუსტინი ბოლო წლების რუსეთის ერთერთ საუკეთესო ბიუროკრატად მიიჩნევა. 2010 წლიდან ის რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურს ხელმძღვანელობდა. პოსტზე მის მუშაობას ყველა დადებითად აფასებს, მათ შორისაა სავალუტო ფონდიც.

მედვედევის ჩანაცვლება რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული, მათ შორის ერთერთი მნიშვნელოვანი, ყოფილი პრემიერის არაპოპულარობაა. მედვედევის მთავრობამ ვერ შეძლო მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ე.წ. ნაციონალური პროექტების სტრატეგიის ჩავარდნა, რომელიც პუტინის 2018 წლის მაისის ბრძანებულებათა სიაშიც მოხვდა. 

მიშუსტინის სახით ეფექტური ბიუროკრატის გაპრემიერების მთავარი მიზანიც მედვედევის მიერ ვერგანხორციელებული ეკონომიკური რეფორმებისა და გარღვევის მიღწევაა. საქმიანი თვისებებით მიშუსტინი დიმიტრი მედვედევის სრული ანტონიმია. მედვედევის რეალობას მოწყვეტილი, თეორიზებული მსჯელობების საპირისპიროდ, რომელსაც არანაირი რეალური ნაბიჯები არ მოსდევდა, მიშუსტინი საქმის კაცად მიიჩნევა, რომელსაც აქვს თავისი შეხედულებები ეკონომიკაზე. 

ამავდროულად, საკუთარი პოზიციები ეკონომიკაზე, სტრატეგიულ მიზნებსა და რუსეთის გლობალურ პერსპექტივებზე მიშუსტინს იშვიათად გაუჟღერებია. სამაგიეროდ, მიშუსტინი ცნობილია დაკისრებული მოვალეობების ეფექტური შესრულებით. რუსეთის ახალი პრემიერის კარიერა 1990-იან წლებში საერთაშორისო კომპიუტერულ კლუბში საქმიანობით დაიწყო - უწყება რუსეთის ეკონომიკაში კომპიუტერული ტექნოლოგიებს დანერგვას ცდილობდა.  

სწორედ კომპიუტერულმა ტექნოლოგიებმა მიიყვანა მიშუსტინი რუსეთის მთავრობაში, კერძოდ საშემოსავლო სამსახურში, სადაც წლების განმავლობაში უფროსის მოადგილედ მუშაობდა. ბიუროკრატიული აპარატის გარდა, მიშუსტინი წლების განმავლობაში აკადემიურ საქმიანობასაც ეწეოდა - გააჩნია დოქტორის ხარისხი ეკონომიკაში და 2008-10 წლებში რუსეთის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში ფაკულტეტის სამეცნიერო ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. 

მიშუსტინმა მოასწრო მუშაობა საინვესტიციო ბიზნესშიც, სადაც მისი პარტნიორი მისივე ყოფილი უფროსი, ბორის ფიოდოროვი იყო. კერძო სექტორში მუშაობის პერიოდში მიშუსტინმა ფიოდორვთან და ამერიკელ ბიზნსესმენ ჩარლზ რაიანთან ერთად კომპანია UFG დაარსა. 

2010 წელს თითქმის ათწლიანი პაუზის შემდეგ, მიშუსტინი ისევ საჯარო საქმიანობას დაუბრუნდა და საშემოსავლო სამსახურის უფროსი გახდა. ფისკალური უწყების ათწლიანი მართვის პერიოდში მან შეძლო აკრეფილი გადასახადების მაჩვენებლის რადიკალურად გაზრდა. მიშუსტინმა შეძლო ისეთი სისტემის აწყობა, რომელშიც რეალური დროის რეჟიმშია შესაძლებელი ნებისმიერი საქმიანი აქტივობის აღრიცხვა. მის მიერ გატარებული რეფორმის მეშვეობით ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა საგადასახადო ინსპექციების რიცხვიც. 

სწორედ მისი ინიციატივით დაინერგა ციფრული ხელმოწერის სისტემა, რომლითაც გადასახადების გადახდა ელექტრონულადაა შესაძლებელი. საგასახადო სისტემა რუსეთის არსებულ არაეფექტურ და მოძველებულ სახელმწიფო სექტორში მაღალი მოდერნიზაციითა და ეფექტურობით გამოირჩევა. 

მიშუსტინის სახელი არ ფიგურირებს არცერთ მსხვილ კორუფციულ სკანდალში. ამის მიუხედავად, არსებობს კითხვები მიშუსტინის მეუღლის შემოსავალებთან დაკავშირებით. ახლადანიშნული პრემიერის ცოლმა ბოლო წლებში 800 მილიონი რუბლის შემოსავალი მიიღო, რომლის წარმომავლობაც დასაბუთებული არაა. 

ასევე, საუბრობენ მიშუსტინის დამალულ უძრავ ქონებაზე, რომლის ღირებულებაც 600 მილიონი რუბლია და რომელიც მიშუსტინმა დეკლარაციაში არ მიუთითა. ასევე, ცნობილია, რომ მიშუსტინის ერთერთი შვილი შვეიცარიის ერთერთ ყველაზე ძვირდაღირებულ სკოლა-ინტერნატში "Institut Le Rosey-ში" სწავლობდა. ამავე სკოლაში სწავლობდა ირანის ყოფილი შაჰი, მსოფლიოს რამდენიმე კრონ-პრინცი და ევროპული სახელმწიფოების მმართველთა შვილები. 

ცნობილია მიშუსტინის გატაცება ჰოკეით, რომელსაც პერიოდულად რუსეთის ერთერთ ყველაზე მდიდარ ოლიგარქთან, ანდრეი ტოკარევთან ერთად თამაშობს. ამავე ადამიანთან ერთად მიშუსტინმა დააარსა ჰოკეის კლუბი "სპორტიმა". მიშუსტინს პირადი მეგობრობა აკავშირებს როსნეფტის ერთერთ ხელმძღვანელ გენადი ბუკაევთანაც.

მიშუსტინის გაპრემიერების შემდეგ ცნობილი გახდა მისი კიდევ ერთი გატაცების შესახებ. როგორც აღმოჩნდა, თავისუფალ დროს მიშუსტინი კომპოზიტორობითაა დაკავებული. ცნობილი გახდა, რომ მიშუსტინი გრიგორი ლეპსის ორი სიმღერის მუსიკის თანაავტორია. 

როგორც ჩანს, მიშუსტინს არ აქვს ცუდი ურთიერთობები ე.წ. ძალოვნების გუნდთან, რომლებიც რუსულ პოლიტიკაში სრულად დომინირებენ. ძალოვანებისა და მიშუსტინის კარგ ურთიერთობაზე მეტყველებს უწყებებს შორის დადებული შეთანხმებაც, რომლის მიხედვითაც, საშემოსავლო სამსახური დაუყოვნებლივ იღებს მონაცემებს ძალოვანების მიერ წარმოებული სამძებრო-ოპერატიული საქმიანობის შესახებ. 

ამგვარად, რუსეთის პრემიერის პოსტზე საკმაოდ არაპოპულარულ პოლიტიკოსს ცვლის კარგი ორგანიზატორული და მენეჯერული თვისებების მქონე ტექნოკრატი. ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ჩუმად ყოფნა და დაკისრებული მოვალეობის ეფექტურად შესრულება. კითხვა მდგომარეობს შემდეგში - შეძლებს თუ არა ის სახელმწიფო სექტორის ზოგადი არაეფექტურობისა და ყოვლისმომცველი კორუფციის ფონზე ეკონომიკურ გარღვევას. 

ცალკე საკითხია, ექნება თუ არა მიშუსტინის რეფორმების განხორციელებისთვის საჭირო კარტ-ბლანში და ბერკეტი პუტინისგან. ნებისმიერ შემთხვევაში, მიშუსტინი პოსტს ვლადიმერ პუტინის პოლიტიკურ სისტემაში იკავებს, რაც მას უკვე აცლის ნებისმიერ დამოუკიდებლობას და წმინდა ტექნიკური ხასიათის პრემიერად აქცევს. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ იგი გარდამავალი პერიოდის პრემიერია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები