უკრაინა

ზელენსკიმ გონჩარუკს "შანსი მისცა" და გადადგომის შესახებ განცხადება არ დააკმაყოფილა

ОП

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, არ დააკმაყოფილა პრემიერმინისტრ ალექსეი გონჩარუკის მოთხოვნა თანამდებობის დატოვების შესახებ.

ზელენსკის განცხადებით, მან გადაწყვიტა, გონჩარუკისა და მისი მთავრობისთვის "შანსი მიეცა", თუმცა გარკვეული პირობების სანაცვლოდ. უკრაინული გამოცემა UNIAN ზელენსკის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ამის შესახებ გონჩარუკთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. 

"გადავწყვიტე, თქვენ და თქვენს მთავრობას მოგცეთ შანსი, თუკი თქვენ გადაჭრით რამდენიმე საკითხს, რომელიც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია და აწუხებს ჩვენს საზოგადოებას," - თქვა ზელენსკიმ. 

კერძოდ, უკრაინის მთავრობამ პრეზიდენტს ქვეყანაში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით უნდა წარუდგინოს ახალი კონცეფცია სამინისტროების, უწყებებისა და სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების ხელფასთან დაკავშირებით. 

"ეს უნდა იყოს ნორმალური სახელფასო ანაზღაურება. ჩვენ გვესმის, რომ ისინი ძალიან სერიოზული სპეციალისტები არიან, თუმცა მე მინდა, რომ თქვენთან და მინისტრებთან შევთანხმდე, რომ ასეთი სახელფასო ანაზღაურება შეიძლება იყოს უკრაინაში ისეთ სიტუაციაში, როგორშიც ჩვენი ქვეყანაა. როდესაც თქვენ და თქვენი მთავრობა აწევთ ეკონომიკას, მერე უკვე შესაძლებელი იქნება ასეთი სახელფასო ანაზღაურება,"- უთხრა ზელენსკიმ პრემიერმინისტრს. 

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დამშვიდობება მოუწევთ იმ მინისტრებთან, რომლებიც არ დათანხმდებიან ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ სახელფასო ანაზღაურებას. 

"სახელფასო ანაზღაურება უნდა იყოს ნორმალური, ისეთი, როგორითაც შეიძლება, ნორმალურად ცხოვრება და ის უნდა შეესაბამებოდეს თანამდებობის პირის სტატუსს,"- თქვა ზელენსკიმ. 

უკრაინის პრემიერმინისტრმა, ალექსეი გონჩარუკმა, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება პრეზიდენტ ზელენსკის სახელზე 17 იანვარს დაწერა. ინფორმაცია ამის შესახებ მან Facebook-ზე გაავრცელა. 

"იმისათვის, რომ განვაქარწყლოთ ნებისმიერი ეჭვი პრეზიდენტისადმი ჩვენი პატივისცემისა და ნდობის თაობაზე, დავწერე განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ და გადავეცი პრეზიდენტს,"- დაწერა გონჩარუკმა. 

მის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სოციალურ ქსელებში ფარული აუდიო-ჩანაწერის გავრცელება, რომელშიც სავარაუდოდ, გონჩარუკი ზელენსკის სულელს უწოდებს და ამბობს, რომ მას ეკონომიკური პროცესების ძალიან პრიმიტული გაგება აქვს და რომ მის თავში ცარიელი ადგილი და ნისლია. 

უკრაინის მთავრობა ჩანაწერის ავთენტურობას არ ადასტურებს.

კომენტარები