კონგრესმენების წერილი გახარიას

ბოკერია კონგრესმენის წერილზე: პრობლემა საერთო კლიმატია, რომელიც შექმნა ივანიშვილმა

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი სტრატეგიულ პარტნიორებთან საქართველოს პოზიციებს ასუსტებს, რაც თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახება.

ბოკერია საქრთველოს მთავრობის მიმართ ამერიკელი კონგრესმენის წერილს ეხმაურება:

"ივანიშვილის რეჟიმი მრავალმხრივ ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას: ქვეყნის შიგნით - ძალადობით, სამოქალაქო მშვიდობის დარღვევით, ჩვენი მტრების პოზიციების გაძლიერებით, ფლანგვითა და კორუფციით; ქვეყნის გარეთ  - ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის აშშ-სთან, საქართველოს პოზიციების დასუსტებით. ეს აისახება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე და ჩვენს პერსპექტივაზე. ეს ბოლო ეპიზოდი ამ პროცესის გაგრძელებაა.

ამიტომაა ჩვენი ეროვნული ამოცანა ივანიშვილის და მისი კლოუნების ხელისუფლებიდან ჩამოცილება არჩევნების გზით. დღეს მას არჩეული აქვს საკუთარი თავის პოლიტიკური დაღუპვის გზა, მაგრამ სანამ ხელისუფლებაშია, ზიანს აყენებს საქართველოს. თუ გონს მოეგება, ეს ჯობია ქვეყნისთვის და ეს არის უკეთესი ვერსია მისთვის. მაგრამ ძალაუფლებას ის ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეინარჩუნებს,” - ამბობს ბოკერია.

ოპოზიციონერი დეპუტატი ეხმაურება ხელისუფლების წევრების განცხადებებსაც, სადაც ისინი ამბობენ, რომ კონგრესმენის წერილი კონკრეტული კომპანიის "ფრონტერას" ინტერესებს უკავშირდება.

ბოკერიას თქმით, პრობლემა საქართველოში შექმნილი საერთო კლიმატი და ინვესტორების მიმართ გზავნილებია:

"ჩვენი პრობლემა არის ის კლიმატი, რომელიც ივანიშვილმა შექმნა. ამის მაგალითი იყო დიდი სკანდალი, როდესაც მოსამართლემ მოგონილი კანონით მრავალ ასეულმილიონიანი ჯარიმა დაადო ცნობილ ამერიკულ კომპანიას - ფილიპ მორისს. შემდეგ გადაწყვეტილება, საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ, შეიცვალა აპელაციაში. ეს სამარცხვინო მოსამართლე ახლა დანიშნეს უზენაეს სასამართლოში. გზავნილი ზოგადად ინვესტორების მიმართ ისაა, რომ ეს ქვეყანა არის ძალიან სარისკო, ისედაც არსებულ უსაფრთხოების პრობლემებს ზემოდან ემატება ამ ტიპის გადაწყვეტილებები. ეს განცხადებაც, წინების მსგავსად, არ მიმაჩნია დაკავშირებულად ერთ რომელიმე ცალკეულ შემთხვევასთან. ეს არის საერთო კლიმატი, რომელიც შექმნა ივანიშვილმა და მისმა კლოუნების ბანდამ" - ამბობს ბოკერია.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ხსენებულ წერილში საქართველოს მთავრობას მოუწოდა, შეწყდეს მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. მალინი წერილში წერს, რომ ის შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური გაუარესებით. ამ წერილით კონგრესმენი მისი კოლეგების ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის კრიტიკულ წერილს შეუერთდა.

 

კომენტარები