ჩინეთის ეკონომიკა

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 29 წლის მინიმუმზეა

ჩინეთის დროშის აღმართვა 2008 წლის ოლიმპიადაზე
Reuters

2019 წელს ჩინეთის ეკონომიკურმა ზრდამ 6,1% შეადგინა, რაც 1990 წლიდან მოყოლებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ცნობისთვის, მონაცემები ეკონომიკური ზრდის შესახებ სწორედ, 1990 წლიდან ქვეყნდება. 

შეფერხების მიუხედავად, ეკონომიკური ზრდა ჩინეთის მთავრობის პროგნოზის ფარგლებში ჩაჯდა. 2019 წლის დასაწყისში ჩინეთის მთავრობა 6-6,5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა. წლიური მაჩვენებელი, ბაზრის მოლოდინზე ნაკლები აღმოჩნდა, თუმცა ზუსტად დაემთხვა ოქტომბერში, სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ პროგნოზს.

გასული წლის მეოთხე კვარტალში ეკონომიკური ზრდის შემცირების ტენდენციაც შეწყდა და მესამე კვარტლის მაჩვენებელს გაუტოლდა. წინა სამი ფინანსური კვარტლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა მცირდებოდა. პირველ კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 6,4% გაიზარდა, მეორეში 6,2%, მესამეში და მეოთხეში კი 6%.

6,2%-იდან 5,7%-მდე შემცირდა ინდუსტრიული პროდუქციის წარმოების ზრდა. 9%-იდან 8%-მდე შემცირდა საცალო გაყიდვები. გაიზარდა ონლაინ გაყიდვების მოცულობა. გასულ წელს ჩინეთის ეკონომიკა რამდენიმე საგარეო და საშინაო შოკის წინაშე აღმოჩნდა. 

წინააღმდეგობების მიუხედავად, ჩინეთის მთავრობამ სტაბილურობის შენარჩუნება სამივე პრობლემური მიმართულებით მოახერხა. პროგრესი შეინიშნება დასაქმების მიმართულებით, საფინანსო და საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებითაც. 

 

კომენტარები