სამინისტროების გაყოფა

განათლებისა და კულტურის სამინისტროები შესაძლოა, კვლავ გაიყოს

საქართველოს მთავრობა

განათლებისა და კულტურის სამინისტროები შესაძლოა კვლავ გაიყოს. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გუნდში განხილვა დაწყებულია და გუნდის უმრავლესობა ფიქრობს, რომ კულტურის სამინისტრო ცალკე უნდა ფუნქციონირებდეს.

"გუნდის დიდი ნაწილი ემხრობა იმას, რომ კულტურის სფეროს ჰქონდეს ცალკე მენეჯმენტი, ცალკე მართვა და კოორდინაცია, სამინისტროს სახით. თუ როდის იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული, ეს არის პრემიერმინისტრის პრეროგატივა, საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს და მან უნდა მიმართოს პარლამენტს," - ამბობს თალაკვაძე.

თალაკვაძის თქმითვე, გაყოფაზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც "საზოგადოების და კურტურის სფეროს მუშაკებმა" შესაბამისი ინიციატივით პარლამენტს და მთავრობას მიმართეს.

"ჩვენ რა თქმა უნდა იგნორირებას ვერ გავუკეთებთ ჩვენი საზოგადოების მოთხოვნას. თუ რა არგუმენტებით მოხდება გამოყოფა, თუ ეს მოხდება, ამაზე ვიმსჯელებთ მას შემდეგ, რაც მთავრობის მხრიდან ჩვენ მივიღებთ შესაბამის წინადადებას," - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში ტაბულას უთხრეს, ამ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა და საბოლოო გადაწყვეტილებას აცნობებენ საზოგადოებას. 

აღსანიშნავია, რომ თავის დროზე სამინისტროების გაერთიანების გადაწყვეტილება მთავრობამ ხარჯების შემცირების მიზნით მიიღო, თუმცა ახლა აპირებს, რომ კვლავ გაყოს.

სამინისტროების ნაწილი 2018 წელს გაერთიანდა, მამუკა ბახტაძის პრემიერობის პირობებში და საბოლოოდ 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი დარჩა. სწორედ მაშინ გაერთიანდა ერთი სამინისტროს ქვეშ განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტროები.

კომენტარები