თალაკვაძე: შოთაძემ გადადგომით აჩვენა, მისთვის სკამი კი არა, მორალური ღირებულებებია მთავარი

არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, ირაკლი შოთაძის მთავარი პროკურორობის პერიოდში, პროკურატურამ გამოიძია და პასუხისგებაში მისცა დამნაშავეები არაერთი მნიშვნელოვან გახმაურებულ საქმეზე და ამ გამოძიებებში პროკურატურა იყო ძალიან სწრაფი და ეფექტური. 

"შემდეგ მოხდა ის, რომ ერთ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რაზეც საზოგადოების ინტერესი იყო მაღალი და იყო პროტესტი დაზარალებულთა მხრიდან, საზოგადოებას ჰქონდა კონკრეტული კითხვები მასთან დაკავშირებით და ის დადგა არჩევანის წინაშე არის თუ არა მისთვის, მორალური პასუხიმგებლობა უფრო მთავარი, თუ არის თანამდებობა და სკამი და ამ მომენტში მან მიიღო ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება, დატოვა თანამდებობა და დაზარალებულებს აჩვენა, რომ მისთვის თანამდებობა არ არის მთავარი და მისთვის მთავარია, რომ მორალური ღირებულებები, მორალური სტანდარტი იყოს დაცული," - ამბობს თალაკვაძე.

პარლამენტის თავმჯდომარე ასევე აზუსტებს, რომ უმრავლესობა შოთაძის კანდიდატურას პარლამენტში მხარს დაუჭერს.

ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა 16 იანვარს, წარუდგინა. 

ამ დროისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 9 კანდიდატია წარდგენილი.

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის მაისში, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო დაწყებული აქციების შემდეგ გადადგა. ის თანამდებობას 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა. 

გენერალური პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ გამწესდა. 

 

კომენტარები