არჩევნები 2020

თალაკვაძე: თუ ოპოზიცია ჩვენს შეთავაზებას არ დათანხმდება, არჩევნები შერეული წესით ჩატარდება

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ თუ ოპოზიცია არ დათანხმდება მმართველი გუნდის შეთავაზებას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არსებული შერეული სისტემით ჩატარდება.

"ბურთი, ჯერჯერობით, არის ოპოზიციის მოედანზე. ველოდებით მომდევნო განხილვას. ჩვენ ოპოზიციისთვის შეთავაზებული გვაქვს კომპრომისული ვერსია. ეს არის 100/50-ზე. მკვეთრად იზრდება პროპორციულის რაოდენობა და მცირდება მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა. თუ ოპოზიცია არ დათანხმდება და ამ დიალოგის ფარგლებში ვერ მოხდება შეთანხმება ახალა მოდელთან დაკავშირებით, მაშინ არჩევნები ჩატარდება არსებული შერეული სისტემით", - თქვა არჩილ თალაკვაძემ.

_________________________________________________________________

ქართულმა ოცნებამ ოპოზიციას 20 დეკემბერს შესთავაზა, პარლამენტში 100 დეპუტატი პროპორციული წესით, 50 კი მაჟორიტარულად აირჩიონ.

მანდატების მსგავსი გადანაწილება საკონსტიტუციო ცვლილებას საჭიროებს.

მოქმედი საარჩევნო სისტემით 77 დეპუტატს პროპორციული წესით ირჩევენ, 73 დეპუტატს კი მაჟორიტარული წესით.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შემქნილი კრიზისის გადასაჭრელად და ხელისუფლება და ოპოზიცია, დიპლომატიური კორპუსის თანდასწრებით, 20 დეკემბერს ერთმანეთს მეოთხედ შეხვდა.

მოლაპარაკებების საგანი საარჩევნო სისტემა და ე.წ გერმანული მოდელია, რომელიც საპარლამენტო არჩევნების მართალია შერეული, მაგრამ მრავალმანდატიანი, უფრო სამართლიანი წესით ჩატარებას გულისხმობს.

ოპოზიციის შეთავაზება ქართული ოცნებისთვის მიუღებელი იყო. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება.

იუსტიციის მინისტრი ამბობდა, რომ მრავალმანდატიანი ოლქების პრინციპი "არ ვარგა ჩვენი ქვეყნისთვის" და საქართველოში, რომელიც ევროპული ქვეყანაა, ეს მოდელი მისაღები ვერ იქნება".

თუმცა, იმაზე, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციურია, საუბრობს არაერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია და კონსტიტუციონალისტი საუბრობს, მათ შორის არის საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილიც.

ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციის ზეწოლის და საპროტესტო აქციების შემდეგ დაიწყო.

პროტესტი კი, თავის მხრივ, მმართველი გუნდის მხრიდან პირობის შეუსრულებლობას მოჰყვა - 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა.

რას ნიშნავს მრავალმაჟორიტარიანი ოლქები და რით განსხვავდება არსებულისგან, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები