ევროპული საქართველო

ბოკერია: მწვავე პროტესტი გაგრძელდება, თუმცა მორყეული ოცნება ამ საარჩევნო სისტემაშიც წააგებს

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ოპოზიცია კვლავ გააგრძელებს მწვავე პროტესტს იმისთვის, რომ ქართულმა ოცნებამ შეასრულოს დაპირება და მიიღოს პროპორციული საარჩევნო სისტემა. 

თუმცა, ბოკერიას განმარტებით, თუ არჩევნები კვლავ არსებული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, ამ სისტემაშიც ოპოზიცია მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმებით შეძლებს გამარჯვების მოპოვებას. 

"ოპოზიციის გეგმა არის მწვავე პროტესტის გაგრძელება და ვნახოთ, როგორ გაუძლებენ ამ მშვიდობიან პროტესტს იმიტომ, რომ მორყეულია ივანიშვილისა და მთელი მისი კლოუნების რეჟიმი, მაგრამ თუ ვთქვათ, ვადამდელ არჩევნებს ჩაატარებენ და დღეს უთქვამს [თალაკვაძეს], მაშინ ამ სისტემით ჩატარდებაო, ამ სისტემაშიც დამარცხდებიან, ოღონდ, ამ შემთხვევაში ეს იქნება არანორმალური სცენარი და ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, რომლებიც განვსხვავდებით ერთმანეთისგან ფასეულობითი ღირებულებებით, შევჯერდებით მაჟორიტარულ ოლქებში [კანდიდატებზე] და შემდეგ ჩავატარებთ პროპორციულ არჩევნებს, სადაც ერთმანეთის კონკურენცია გვექნება და ხედვაზე დავა, თუ როგორ ვაპირებთ ამ კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანას, რომელშიც ივანიშვილმა შეიყვანა დღეს ქვეყანა,"- ამბობს გიგა ბოკერია. 

ბოკერიამ ასევე ქართული ოცნების მიერ შეთავაზებულ სისტემაზეც ისაუბრა, რომელიც პარლამენტში 100 დეპუტატის პროპორციული სიით და 50 დეპუტატის მაჟორიტარული სისტემით შეყვანას გულისხმობს და თქვა, რომ ასეთი სისტემა იძლევა შესაძლებლობას, რომ პოლიტიკურმა ძალამ მესამედზე ნაკლები მხარდაჭერით უმრავლესობა მოიპოვოს.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში განახლდება. შეხვედრები სწორედ ევროკავშირის წარმომადგენლობის და სხვა დასავლელი პარტნიორების ინიციატივით ტარდება.

მოლაპარაკებების ჯერჯერობით ბოლო, მე-4 რაუნდი 20 დეკემბერს გაიმართა, როდესაც მმართველმა გუნდმა ოპოზიციას შესთავაზა, პარლამენტში 100 დეპუტატი პროპორციული წესით, 50 კი მაჟორიტარულად აირჩიონ.

მანდატების მსგავსი გადანაწილება საკონსტიტუციო ცვლილებას საჭიროებს. თუმცა, ე.წ გერმანული მოდელის მიღებაზე უარს ხელისუფლება სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებების რესურსის არარსებობის მიზეზით ამბობს.

მოქმედი საარჩევნო სისტემით 77 დეპუტატს პროპორციული წესით ირჩევენ, 73 დეპუტატს კი მაჟორიტარული წესით.

კომენტარები