ირმა ინაშვილი

ინაშვილი ლორა თორნტონის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი ამტკიცებს, რომ NDI და IRI ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ კვლევებს აყალბებენ, შესაბამისად, ჩართულები არიან კორუფციასა და ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობაში.

ამის გამო ინაშვილი NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის წინააღმდეგ გამოძების დაწყებასაც ითხოვს.

ინაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე თქვა, რომ ის "ე.წ კვლევები, რასაც ეს ორგანიზაციები, 90-იანი წლებიდან დღემდე აქვეყნებენ, არის გაყალბება, ტყუილი, რეალობის დამახინჯება,აბსოლუტურად სხვა სურათის წარმოჩენა და პოლიტიკური მიკერძოება, რაც არის სახიფთო და დამაფიქრებელი - მიკერძოება ნაც. მოძრაობისადმი, მისი ლიდერებისადმი. ნაც. მოძრაობაში ვგლისხმობ ორივე ჯგუფს" და რომ "ეს გასცდა პარტიების რეიტინგების საკითხს".

"ეს ე.წ. კვლევები პირდაპირ უქმნის საშიშროებას ჩვენს სახელმწიფოს და უკვე იქცა სახელმწიფო უსაფრთხოების პრობლემად. ტერორიზმი, ყველას მოგეხსენებათ რა მოვლენაც არის. ტერორის ფორმები განსხვავებულია. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ის, რასაც აკეთებს NDI-სა და IRI-ს თბილისის ოფისების მენეჯმენტი ადგილობრივ ქართულ კომპანიასთან ერთად, ეს არის ტერორის ერთგვარი ფორმა", - თქვა ინაშვილმა.

მისივე თქმით, პატრიოტთა ალიანსმა 2016 წელს თავადაჩ ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც 28 517 ადამოანი გამოკითხა.

"გამოკითხულთა 77% საერთო არ ენდობოდა NDI-ის და IRI-ს და ამ ორგანიზაციებს მატყუარას უწოდებდა. მხოლოდ 3% ენდობოდა.

28 517 ადამიანში ვერ ვპოვეთ ვერც ერთი ადამიანი, რომელიც ერთხელ მაინც გამოუკითხავს NDI-ის და მეტიც, რომლის მეგობარი, ოჯახის წევრი, ნათესავი ან ახლობელი გამოუკითხავს NDI-ის", - თქვა მან.

აქედან გამომდინარე, ინაშვილი ამტკიცებს, რომ NDI-ს დირექტორი ლორა თორნტონი კორუფციულ სქემაშია ჩართული.

"NDI-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, ქალბატონი ლორა თორნტონი, მე ასე ვფიქრობ, რომ ფინანსურად არის დაინტერესებული ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მხრიდან. ადგილი აქვს კორუფციას კლასიკური გაგებით და ის ფულს იღებს ამ ე.წ. კვლევებში და მონაცემების გავრცელებაში. ვინაიდან მე მაქვს ასეთი ეჭვი, მე მოვითხოვ, რომ ჩემი სახელმწიფოს სტრუქტურებმა დაიწყონ გამოძიება".

დეპუტატი ამბობს, რომ ამ საკითხს მხოლოდ ბრიფინგების დონეზე არ დატოვებს და 26 იანვრიდან "NDI-სა და IRI-ს მამხილებელი კამპანია" - პარტია და მისი მხარდამჭერები აშშ-ის საელჩოსთან შეიკრიბებიან და მოუწოდებენ, "შეაჩერონ ეს ტყუილი". ასევე, მისი თქმით, ამ ინფორმაციას მიაწვდიან ამერიკის შეერთებული შტატების სენატს, კონგრესს, სახელმწიფო დეპარტამენტსა და ამერიკის ახალ ელჩს საქართველოში.

ინაშვილი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებასაც მოუწოდებს, ამ საკითხს მეტი ყურადღება მიაქციოს.

NDI-ის მიერ ბოლოს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდი ხმას, 3% პასუხობს, რომ ხმას პატრიოტთა ალიანსს მისცემდა

კომენტარები