ელიზაბეთ რუდი

რუდი: წელს საქართველოს წინ უდგას მნიშვნელოვანი მომენტი დემოკრატიის გზაზე

პირველი არხი

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა კონგრესმენ მალენის წერილთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ 2020 წელს ქართული დემოკრატია მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშეა.

"კონგრესმენის წერილი საკანონმდებლო შტოდან მოდის, ამიტომ ამასთან დაკავშირებით კონგრესმენის ბიუროსთან უნდა გადაგამისამართოთ. თუმცა როგორ აღმასრულებელი შტოს წარმომადგენელი, ვიტყვი, რომ საქართველოს უზარმაზარი პროგრესი აქვს და ამ წელს წინ უდგას მნიშვნელოვანი მომენტი დემოკრატიის გზაზე," - განაცხადა ელისაბეთ რუდმა.

ამ კონტექსტში, რუდის თქმით, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მიაღწიონ შეთანხმებას საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით, ხოლო პარლამენტმა გაატაროს საარჩევნო რეფორმა:

"მაგალითად, პოლიტიკური დიალოგი, რომელსაც ხელს უწყობენ აშშ, ევროკავშირი და ევროპის საბჭო, წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან შესაძლებლობას მმართველი პარტიისა და ოპოზიციისათვის, შედგეს კომპრომისი საარჩევნო სისტემაზე, რომელიც საუკეთესო იქნება საქართველოსთვის.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, პარლამენტმა გაატაროს საარჩევნო რეფორმა, რომელიც თავის თავში მოიცავს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ყველა რეკომენდაციას. ძალიან მნიშვნელოვანია, აგრეთვე, მთავრობამ უზრუნველყოს, რომ ყველა გამოძიება, გასამართლება და სამართლებრივი პროცესი მთლიანად თავისუფალი იყოს პოლიტიკური გავლენისგან. ეს იქნება, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს, ისევე, როგორც გარემოს უცხოური ინვესტიციებისთვის." - თქვა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელმა წევრმა, მარკუეინ მალინმა, საქართველოს მთავრობის მეთაურს, გიორგი გახარიას, ღია წერილით მიმართა. კონგრესმენმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, შეწყვიტონ მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. 

როგორც მალინი წერილში წერს, ის შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური გაუარესებით. 

 

კომენტარები