ირანი

ირანი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების დატოვებით იმუქრება

ჯავად ზარიფი

ირანი იმუქრება, რომ თუ 2015 წლის ბირთვული შეთანხმების წევრი ევროპული ქვეყნები შეთანხმების პირობების შესრულების საკითხზე გაეროს მიმართავენ, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის (NPT) გლობალური ხელშეკრულებიდან გამოვლენ.

"თუ ევროპელები გააგრძელებენ ამ შეუფერებელ საქციელს ან ირანის საქმეს გაეროს უშიშროების საბჭოს გადასცემენ, ჩვენ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან გავალთ." თქვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა.

ხელშეკრულებას ხელი 1968 წელს მოწერა და ცივი ომის პერიოდიდან მოყოლებული გლობალურად ბირთვული იარაღის გავრცელების კონტროლის მექანიზმების საფუძველს წარმოადგენდა, მათ შორის ირანის 2015 წლის ბირთვული შეთანხმების, რამაც მათ ატომურ პროგრამას შეზღუდვები დაუწესა. ხელშეკრულება 190 ხელმომწერ ქვეყანას, გარდა აშშ-სა, რუსეთისა, ჩინეთისა, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთისა, უკრძალავს ბირთვული იარაღის ქონას, სანაცვლოდ კი საშუალებას აძლევს მშვიდობიანი ბირთვული პროგრამები განავითარონ ენერგიის მოსაპოვებლად, რომლებსაც მეთვალყურეობას გაერო უწევს. ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ხელშეკრულება დატოვა ჩრდილოეთ კორეაა. მათ გაეროს ინსპექტორები ქვეყნიდან გაყარეს და ატომური იარაღის შექმნაზე მუშაობა დაიწყეს. ხელშეკრულების წევრები არ არიან ინდოეთი და პაკისტანი, რომელთაც ბირთვული იარაღი აქვთ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ ფორმალურად გაააქტიურეს 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმების გასაჩივრების მექანიზმი, რათა ირანს მოუწოდონ გააგრძელოს შეთანხმების პირობების შესრულება.

მათი თქმით ნაბიჯი იმისათვის გადადგეს, რომ რეგიონში არსებულ დაძაბულობას ბირთვული იარაღის გავრცელების საფრთხეც არ დაემატოს. მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ სურთ შეთანხმება წარმატებული იყოს და აშშ-ის მაქსიმალური ზეწოლის კამპანიას არ უერთდებიან.

გასაჩივრების მექანიზმის ამოქმედება შეთანხმების პირობების დარღვევაში ირანის ოფიციალურად დადანაშაულებას ნიშნავს, რაც შესაძლოა საბოლოოდ გაეროს სანქციების ხელახლა დაწესებამდე მივიდეს, რომლებიც შეთანხმების შემდეგ მოიხსნა. სწორედ შეთანხმების პირობების დარღვევაში დაადანაშაულა აშშ-მა ირანი და თავად 2018 წელს შეთანხმებიდან გავიდა, ხოლო ირანს 2015 წელს მოხსნილი სანქციები ხელახლა დაუწესა.

მექანიზმის მიხედვით ევროპულმა ქვეყნებმა საკუთარი გადაწყვეტილება ახლა შეთანხმების სხვა წევრებს, რუსეთს, ჩინეთს და თავად ირანს უნდა აცნობოს. დავის გადასაჭრელად 15-დღიანი ვადა მოქმედდა, რომლის გახანგრძლივება კონსენსუსის შემთხვევაში შესაძლებელია.

მას შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ საჭიროა ახალი, უფრო სამართლიანი და ეფექტური შეთანხმების შემუშავება. მის იდეას მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონიც, რომელმაც თქვა, რომ წინ წასვლის გზა ახალი, "ტრამპის შეთანხმებაა".

ირანი სანქციების მოხსნამდე მოლაპარაკებებზე უარს ამბობს.

ევროპული ქვეყნების ამ ნაბიჯამდე, 6 იანვარს, ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების დაძაბვის ფონზე ირანის მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით დაწესებულ შეზღუდვებს აღარ დაემორჩილებიან და ურანის გამდიდრებაზე დადგენილ ლიმიტებს აღარ დაიცავენ.

განცხადებაში არ არის ნათქვამი, რომ ქვეყანა შეთანხმებას ტოვებს. მასში აღნიშნულია, რომ ირანი გაეროს ატომური ენეგრიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობას განაგრძობს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ნოემბერში მათ სააგენტოს ინსპექტორს ნოემბერში აკრედიტაცია გაუუქმა და ნატანზის ლაბორატორიაში, სადაც ურანის გამდიდრება ხდება, შესვლის უფლება არ მისცა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანი შეთანხმების პირობების შესრულებას მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც მისგან ბენეფიტებს მიიღებს.

ეს ირანის მხრიდან შეთანხმების პირობების შესრულებაზე უარის თქმის პირველი შემთხვევა არაა. შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის შემდეგ ირანი მის პირობებს ნელ-ნელა ტოვებდა, მათ შორის გასულ თვეებში მათ განაცხადეს, რომ ფორდოს ბირთვულ ლაბორატორიაში 1,044 ცენტრიფუგაში ურანის გაზის შეყვანას დაიწყებდნენ. მანამდე ირანის ბირთვული პროგრამის დირექტორმა თქვა, რომ IR-6 ცენტრიფუგების რაოდენობა გააორმაგეს. ამ ტიპის ცენტრიფუგებს ურანის ათჯერ სწრაფად გამდიდრება შეუძლია, ვიდრე IR-1 ტიპის ცენტრიფუგებს. ირანელი მეცნიერები ასევე მუშაობენ IR-9 ტიპის ცენტრიფუგებზე, რომლებიც, მათი თქმით 50-ჯერ სწრაფად იმუშავებს.

ამჟამად ირანი ურანს 4.5%-მდე ამდიდრებს. შეთანხმებით კი ლიმიტი 3.67% იყო. ბირთვული იარაღის შესაქმნელად 90%-მდე გამდიდრებაა საჭირო, თუმცა 4.5%-მდე გამდიდრება ირანს საშუალებას აძლევს ბუშეჰირის ბირთვული რეაქტორი ამუშავოს.

მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ თქვა, რომ ირანი შეთანხმებას ნაწილობრივ დატოვებდა, დაიტოვებდა გამდიდრებული ურანის მარაგს და მას არ გაყიდდა.

კომენტარები