ირმა ინაშვილი

ინაშვილი NDI-ს და IRI-ს კვლევებზე: ეს არის ტერორის ერთგვარი ფორმა

პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა დღეს, 20 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკული ორგანიზაციების, NDI-სა და IRI-ს კვლევებს "ტერორის ერთგვარი ფორმა" უწოდა:

"ეს ე.წ. კვლევები პირდაპირ უქმნის საშიშროებას ჩვენს სახელმწიფოს და უკვე იქცა სახელმწიფო უსაფრთხოების პრობლემად. ტერორიზმი, ყველას მოგეხსენებათ რა მოვლენაც არის. ტერორის ფორმები განსხვავებულია. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ის, რასაც აკეთებს NDI-სა და IRI-ს თბილისის ოფისების მენეჯმენტი ადგილობრივ ქართულ კომპანიასთან ერთად, ეს არის ტერორის ერთგვარი ფორმა", - თქვა ინაშვილმა.

მისი თქმით, პატრიოტთა ალიანსმა 2016 წელს თავადაც ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც 28 517 ადამიანი გამოკითხა.

"გამოკითხულთა 77% საერთო არ ენდობოდა NDI-ის და IRI-ს და ამ ორგანიზაციებს მატყუარას უწოდებდა. მხოლოდ 3% ენდობოდა.

28 517 ადამიანში ვერ ვპოვეთ ვერც ერთი ადამიანი, რომელიც ერთხელ მაინც გამოუკითხავს NDI-ის და მეტიც, რომლის მეგობარი, ოჯახის წევრი, ნათესავი ან ახლობელი გამოუკითხავს NDI-ის", - თქვა მან.

ინაშვილი ამტკიცებს, რომ NDI-ს დირექტორი ლორა თორნტონი კორუფციულ სქემაშია ჩართული და მოითხოვს, თორნტონის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს.

"NDI-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, ქალბატონი ლორა თორნტონი, მე ასე ვფიქრობ, რომ ფინანსურად არის დაინტერესებული ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მხრიდან. ადგილი აქვს კორუფციას კლასიკური გაგებით და ის ფულს იღებს ამ ე.წ. კვლევებში და მონაცემების გავრცელებაში. ვინაიდან მე მაქვს ასეთი ეჭვი, მე მოვითხოვ, რომ ჩემი სახელმწიფოს სტრუქტურებმა დაიწყონ გამოძიება," - ამბობს ინაშვილი.

NDI-ის მიერ ბოლოს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, 3% პასუხობს, რომ ხმას პატრიოტთა ალიანსს მისცემდა

 

კომენტარები