ვენესუელა

პომპეო გუაიდოსთან შეხვედრის შემდეგ: წერტილი უნდა დავუსვათ მადუროს ტირანიას

0 კომენტარი
მაიკ პომპეო, ივან დუკე მარკეზი და ხუან გუაიდო ფოტო: AFP

კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ხუან გუაიდოს შეხვდა, რომელიც აშშ-მა და კიდევ 50-ზე მეტმა ქვეყანამ ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად გასულ წელს აღიარეს.

რეგიონულ ანტი-ტერორისტულ სამიტზე გუაიდო და პომპეო კოლუმბიის პრეზიდენტ ივან დუკე მარკეზთან ერთად მივიდნენ.

შეხვედრის შემდეგ პომპეომ თქვა, რომ აშშ-ის მხრიდან მეტი ქმედება იქნება და მადუროს გადასაყენებლად თანამშრომლობისაკენ მოუწოდა. პომპეოს თქმით კოლუმბიის პრეზიდენტთან მადუროს რეჟიმის მიერ გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისიც განიხილა.

"ჩვენ წერტილი უნდა დავუსვათ მადუროს ტირანიას, რომელიც ვენესუელის მოქალაქეებს ვნებს და მთელს რეგიონზე აქვს გავლენა." თქვა მან.

კოლუმბიის პრეზიდენტმა მადუროს რეჟიმი ტერორისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა და მისთვის მკაცრი სანქციების დაწესება მოითხოვა. მისი თქმით გარდა ადგილობრივი შეიარაღებული დაჯგუფებებისა, მადუროს რეჟიმის პირობებში ვენესუელაში თავშესაფარი მიიღო ლიბანურმა შიიტურმა დაჯგუფება ჰეზბოლამ, რომელსაც აშშ და დიდი ბრიტანეთი ტერორისტულ დაჯგუფებად ცნობენ.

გუაიდომ კოლუმბიაში ჩასასვლელად სასამართლოს მიერ ქვეყნის დატოვებაზე მისთვის დაწესებული აკრძალვა დაარღვია. გუაიდო დავოსში გაემგზავრება, სადაც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება, მანამდე კი ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს მადუროს დაქვემდებარებაში მყოფმა უშიშროების ძალებმა ქვეყნის პარლამენტის შენობა აიღეს და ხუან გუაიდოს და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს.

პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს ახალ სპიკერად გუაიდოს ნაცვლად ლუის პარრა დანიშნეს. გუაიდოს მოკავშირეებმა მომხდარს საპარლამენტო გადატრიალება უწოდეს.

მიმდინარე კვირას ოპოზიციის ლიდერებს გუაიდო, რომელიც 50-ზე მეტმა ქვეყანამ ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნო, მეორე ვადით უნდა აერჩიათ სპიკერად. რაც შეეხება ლუის პარრას, ის ოპოზიციური პარტიიდან გასულ თვეს კორფციის ბრალდების გამო გარიცხეს. ამის შემდეგ ის გუაიდოს მიმართ კრიტიკით გამოირჩეოდა.

ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს მადუროს მიერ დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფას და პარლამენტის კონტროლისათვის ძალისა და დანიშნების გამოყენებას მას შემდეგ, რაც მისმა სოციალისტურმა პარტიამ 2015 წელს საპარლამენტო არჩევნები წააგო.

მას შემდეგ, რაც შენობაში შეღწევა ვერ შეძლო, გუაიდომ ახალი კონგრესი არალეგალურად გამოაცხადა და თქვა, რომ სესიებს სხვაგან ჩაატარებდა. 8 იანვარს კი ოპოზიციამ პარლამენტის შენობაში შეღწევა შეძლო და თავმჯდომარედ კვლავ  გუაიდო დაამტკიცა.

ხუან გუაიდომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თქვა, რომ შედეგები გაყალბებული იყო და ხელახალი არჩევნების დანიშვნამდე გარდამავალი პრეზიდენტის პოსტი მას როგორც ეროვნული ასამბლეის თამჯდომარეს უნდა დაეკავებინა. 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა ის ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ. მადუროს რეჟიმის მმართველობისას შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისისა და ინფლაციის გამო ქვეყანა 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. მათმა დიდმა ნაწილმა თავი კოლუმბიას შეაფარა. გასულ წელს, ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, კოლუმბიისაგან გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება მადურომ ქვეყანაში არ შეუშვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები