ევროპული საქართველო

ზურაბ ჭიაბერაშვილი: მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ისევ სერიოზულ პრობლემად რჩება

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატის, ზურაბ ჭიაბერაშვილის, თქმით, ქვეყანაში მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა კვლავ პრობლემად რჩება. 

ამის შესახებ ჭიაბერაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საყოველთაო გაჭირვებასა და უმუშევრობაში, როდესაც ფასების გაძვირების გამო საარსებო მინიმუმი მუდმივად იზრდება, ოჯახების შემოსავალი კი არ იმატებს, აუცილებელი იყო, მთავრობას ქმედითი ნაბიჯები გადაედგა და საზოგადოების ყველაზე დაუცველი ასიათასობით მოქალაქეს მედიკამენტების პროგრამით დახმარებოდა. 

"სამწუხაროდ, 2019 წლის აგვისტოდან მოყოლებული იკლებს პროგრამის მოსარგებლედ დარეგისტრირებულთა რაოდენობა იმ დროს, როდესაც წამლის ყიდვა ამ ქვეყანაში ერთერთი სერიოზული პრობლემაა,"- ამბობს ჭიაბერაშვილი. 

დეპუტატის განცხადებით, 2019 წლის 11 თვის მონაცემებით მედიკამენტების პროგრამაზე გამოყოფილი 14 მილიონი ლარიდან ჯანდაცვის სამინისტროს მხოლოდ 7 მილიონი ლარი ჰქონდა ათვისებული. ჭიაბერაშვილი თვვლის, რომ გაუმართლებელია, როდესაც ბიუჯეტში თანხები აუთვისებელი რჩება, ათასობით ადამიანი კი ამ დროს წამალს ვერ ყიდულობს. 

დეპუტატის თქმით, იგივე პრობლემა იდგა 2017-18 წლებშიც და ჯანდაცვის სამინისტრომ მესამე წელსაც ვერ მოახერხა, რომ წამლის პროგრამა მოქალაქეთა დიდი ნაწილის დახმარების ინსტრუმენტად ექცია. 

"2019 წლის აგვისტომდე ყოველთვიურად პროგრამაში 4 000-მდე ახალი მოსარგებლე რეგისტრირდებოდა, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელი იყო. 2019 წლის აგვისტოში ეს რიცხვი უცბად 26 000 გახდა, რამაც იმედი ჩაგვისახა, რომ პროგრამა მართლაც მასობრივი გახდებოდა. სამწუხაროდ, ნოემბერში ეს რიცხვი 6 000-მდე დავიდა," - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი. 

დეპუტატი ჯანდაცვის სამინისტროსგან განმარტებას მოითხოვს, რატომ იკლებს მედიკამენტების პროგრამაში ჩართულ მოსარგებლე პირთა რაოდენობა იმ ფონზე, რომ ადამიანებს მასობრივად აწუხებთ წამალზე ხელმისაწვდომობა. 

ჭიაბერაშვილის თქმით, მედიკამენტების გაძვირებამ ათიათასობით მოქალაქისთვის გააუარესა ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა. დეპუტატი ამბობს, რომ 2017 წელს მსოფლიო ბანკის კვლევამ აჩვენა, რომ გაიზარდა იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთაც ჯანდაცვაზე ფინანსურად დაუძლეველი, კატასტროფული დანახარჯი დაუდგათ. 

"ეს ოჯახები ამას მედიკამენტებზე დახარჯული თანხების ზრდას უკავშირებენ,"- ამბობს დეპუტატი. 

ჭიაბერაშვილის თქმით, გამოსავალი მედიკამენტების კომპონენტის დამატებაა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, ოღონდ ამისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიზაინი უნდა შეიცვალოს და მისი სწორი ადმინისტრირება უნდა მოხდეს. 

"ასეთ შემთხვევაში ათიათასობით გაჭირვებული მოქალაქეების ხელმისაწვდომობა წამლებზე გაიზრდება,"- ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი. 

კომენტარები