სახალხო დამცველი

წულუკიანი ლომჯარიაზე: 2019 წელს ქ-ნი ნინოს პატიმრებისთვის ხელის ჩამორთმევის რიცხვი არის 0

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ადამიანის უფლებების საპარლამენტო კომიტეტზე სახალხო დამცველის ანგარიშს იმის შესახებ, რომ პენიტენციურ დაწესებულებებს ე.წ ქურდული მენტალიტეტის მაყურებლები აკონტროლებენ, იმით უპასუხა, რომ ლომჯარია 2018 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში სულ 4-ჯერ იმყოფებოდა, 2019 წელს კი 0-ჯერ. 

"თქვენ წინაშეა სახალხო დამცველი, რომელიც მე-3 წელია ასრულებს თავის ფუნქციას. ეს არის სახალხო დამცველი, რომელიც პატიმრებთან არ დადის. 2018 წელს ქალბატონი ნინო თავად ბრძანდებოდა საპატიმროში სულ 4-ჯერ, მან სამკურნალო დაწესებულებაში ინახულა ერთი პატიმარი, რომლის გვარი და სახელი ფართო საზოგადოებისთვის არაფერს ამბობს. შემდეგ მოინახულა #7 დაწესებულება, როცა ის იყო ცარიელი, გახსნამდე, ანუ პატიმრები არ უნახავს. შემდეგ 2018 წლის აგვისტოში ის ეწვია #9 დაწესებულებაში ბატონ გიორგი მამალაძეს. ოქტომბერში გლდანის დაწესებულებაში მან მოინახულა ბატონი მირზა სუბელიანი. ეს არის სულ 2018 წელს. 

2019 წელს ქალბატონი ნინოს ჩვენთან მობრძანების და პატიმრებისთვის ხელის ჩამორთმევის რიცხვი არის 0," - თქვა წულუკიანმა. 

იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის აპარატის სხვა თანამშრომლები დადიან და ლომჯარია ანგარიშებში მათ ეყრდნობა. 

სახალხო დამცველი სპეციალურ ანგარიშში ციხეებში არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს. ომბუდსმენი მიუთითებს, რომ არაფორმალური მმართველები პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან და სხვა პატიმრებს აიძულებენ დაემორჩილონ მათ წესებს. ანგარიშში საუბარია ფიზიკურ და მძიმე ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, გამოძალვაზე, დამცირებაზე.

კომენტარები