სახალხო დამცველის ანგარიში 2019

ლომჯარია წულუკიანს: მინისტრის გადასაწყვეტი არ არის, ომბუდსმენი რას და როდის გააკეთებს

სახალხო დამცველი

ნინო ლომჯარიამ თეა წულუკიანის კრიტიკის პასუხად თქვა, რომ სახალხო დამცველმა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრებმა მინისტრზე უკეთ იციან, როდის უნდა შევიდეს ციხეში უშუალოდ სახალხო დამცველი და როდის - საერთოდ არ უნდა შევიდეს.

"რაც შეეხება იმ საკითხს, სახალხო დამცველი სად შევა, ვის შეხვდება, როდის შევა, როდის არ შევა, ეს არის სახალხო დამცველის გადაწყვეტილება. მე მივესალმები იმას, რომ მაღალი ინტერესი გაქვთ ჩემი საქმიანობის, ჩემი გადაადგილების მიმართ, თუმცა, ქალბატონო თეა, გეტყვით, რომ ციხეებთან უშუალო ურთიერთობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს პრევენციის ეროვნულ მექანიზმს, სახალხო დამცველს დაახლოებით 20-წლიანი და ჩვენ თქვენზე უკეთ ვიცით, როდის უნდა შევიდეს ციხეში უშუალოდ სახალხო დამცველი, რა შემთხვევაში არ უნდა შევიდეს. ამას აქვს თავისი მიზნები და ახსნა. თუ სურვილი გექნებათ, შეგვიძლია, არასაჯარო ფორმატში მოგახსენოთ, რას ეფუძნება ჩვენი მეთოდოლოგია.

ნებისმიერ შემთხვევაში, მინისტრის გადასაწყვეტი არ არის, სახალხო დამცველი რას და როდის აკეთებს. მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ კომპეტენტური, არგუმენტირებული დასკვნები", - თქვა ნინო ლომჯარიამ.

წულუკიანმა ომბუდსმენი იმ ანგარიშის გამო გააკრიტიკა, რომლის მიხედვითაც, N2, N8, N14 და N15 პენიტენციური დაწესებულებებში ვითარებას ე.წ მაყურებლები აკონტროლებენ, ლეგიტიმაცია კი ადმინისტრაციისგან აქვთ.

წულუკიანი ანგარიშის შინაარსს არ ეთანხმება, ლომჯარიას კი იმის გამო აკრიტიკებს, რომ ის 2019 წელს ერთხელაც არ შეხვედრია პატიმრებს პირადად, 2018 წელს კი საპატიმროში მხოლოდ 4-ჯერ იმყოფებოდა.

ლომჯარიამ ისიც თქვა, რომ იუსტიციის მინისტრმა დისკუსია პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანა. 

"ჩემი განწყობა არ ყოფილა, პოლიტიკურ დისკუსიაში შემოვსულიყავი თქვენთან და არც ვაპირებ ამას. სამწუხაროდ, თქვენ გადაიტანეთ ეს პოლიტიკური დისკუსიის რეჟიმში. ძალიან ხშირად ახსენეთ სიტყვა მე, თქვენი თავის შესახებ ისაუბრეთ. თუმცა, თქვენი პიროვნება არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, ჩემთვის მნიშვნელოვანია პოზიციები და არა პიროვნებები, ამიტომ ნამდვილად არ ვაპირებ, ამ ტიპის დისკუსიაში შემოვიდე თქვენთან. როდის გამოვაქვეყნებ ანგარიშს, არ არის დამოკიდებული იმაზე, მინისტრი თქვენ იქნებით თუ სხვა",- თქვა ომბუდსმენმა.

კომენტარები