სახალხო დამცველის ანგარიში

"ახალი პროკურორი მიხედავს" - წულუკიანი ლომჯარიას მიერ დანაშაულის შეუტყობინებლობაზე საუბრობს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების 4 დაწესებულების მონიტორინგის ანგარიშს წარადგენს, წულუკიანმა თქვა, რომ ის, რაც ნინო ლომჯარიამ გააკეთა, კანონის არც ერთი ნორმით დაცული არ არის.

​"ჩვენ მივიღეთ ეს ანგარიში მაშინ, როცა უკვე იმ ფორმით იყო მზად, რა ფორმითაც გამოქვეყნდა. პენიტენციურ სამსახურს გარკვეული რაოდენობის დღეებში შევთავაზეთ კომენტარები, რაც გაკეთდა. მაგრამ არც ერთი ეს კომენტარი ასახული არ ყოფილა. რაც შეეხება თვითონ სამინისტროსთან, პიირველ პირებს შორის სამუშაო შეხვედრაზე - ამგვარი არც შემოთავაზება ყოფილა და არც შესაძლებლობა.

რაც შეეხება პროკურატურაში გადაგზავნას, მე ვერ დავეთანხმები ქალბატონ ნინოს, რომ როცა ზაფხულში გაკეთდა ეს ვიზიტები და სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მიიღო ინფორმაცია ამგვარი ტიპის სერიოზული დანაშაულების შესახებ და ოქტომბრამდე, ნოემბრამდე არაფერი არ მოიმოქმედოს, არ ვფიქრობ, რომ ეს დაცულია კანონის რომელიმე ნორმით. ამას, ჩემს ენაზე, დანაშაულის შესახებ თავისთან შენახვა ჰქვია, რასაც იცნობს სისხლის სამართლის მატერიალური კოდექსი",- თქვა წულუკიანმა.

მისივე განცხადებით, როცა ახალი მთავარი გენერალური პროკურორი შეირჩევა, "ვინც არ ინდა იყოს ის, ამ ამბავს მიხედავს".

ომბუდსმენის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ღია დაწესებულების ციხეებში, ე.წ ზონებში ვითარებას ე.წ მაყურებლები აკონტროლებენ, ლეგიტიმაცია კი ადმინისტრაციისგან აქვთ.

ლომჯარიას შეფასებით, სავარაუდოდ, არ არის ე.წ ქურდების მიერ ციხის მართვა კლასიკური გაგებით, თუმცა, საპყრობილეებში არიან გავლენის მქონე პატიმრები, რომლებსაც ციხის ადმინისტრაციასთან აქვთ ლეგიტიმაცია და რომლებიც პატიმრებს პრობლემების მოგვარებას ჰპირდებიან, ასევე, ერევიან მათ ყველა გადაწყვეტილებაში და აკონტროლებენ მათ საუბრებს და გარე სამყაროსთან კომუნიკაციას. ომბუდსმენისვე თქმით, სხვა პატიმრებთან "მაყურებლების" გარეშე გასაუბრება ვერც მისმა წარმომადგენლებმა მოახერხეს.

წულუკიანისთვის ანგარიშის შინაარსი მიუღებელია და მას არაპროფესიონალურსაც კი უწოდებს.

დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა პროკურატურა და პროკურატურაში ომბუდსმენის და მისი აპარატის სხვა თანამშრომლების დაბარება რამდეჯერმე ახსენა და ლომჯარიას გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

კომენტარები