ჩინეთი

ჩინეთში დაკავებულ ინტერპოლის ყოფილ პრეზიდენტს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

AFP

ჩინეთში დაკავებულ ინტერპოლის ყოფილ პრეზიდენტს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ის დამნაშავედ ქრთამის აღებაში ცნეს. პატიმრობის გარდა მას ორი მილიონი იუენის გადახდა დააკისრეს (დაახლოებით $289,500)

მენგ ჰონვეი 2018 წლის სექტემბერში ჩინეთში ჩასვლის შემდეგ გაუჩინარდა და როგორც მოგვიანებით გაირკვა ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის მიერ კორუფციის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანიის ფარგლებში იყო დაკავებული. კომუნისტურ პარტიაში თქვეს, რომ ჰონვეი ძალაუფლებას ბოროტად, პირადი მიზნებისათვისი ყენებდა და სახელმწიფო ქონებას ფლანგავდა. ის პარტიიდან გარიცხეს და თანამდებობიდან გადააყენეს.

ჰონვეიმ 2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ქრთამის აღება აღიარა. სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰონვეი განაჩენის გასაჩივრებას არ აპირებს.

მენგ ჰონვეი ინტერპოლის ხელმძღვანელი 2020 წლამდე უნდა ყოფილიყო, თუმცა დაკავების შემდეგ მან გადადგომის შესახებ განცხადება გაავრცელა, რის შემდეგაც ინტერპოლის ახალ პრეზიდენტად ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, სამხრეთ კორეელი კიმ იონ-იანგი აირჩიეს.

მენგ ჰონვეის ცოლი, რომელსაც პოლიტიკური თავშესაფარი საფრანგეთმა მიანიჭა და ამჟამად იქ ცხოვრობს, ამბობს, რომ მისი ქმრის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები პოლიტიკურად არის მოტივირებული.

კომენტარები