სახალხო დამცველის ანგარიში

ლომჯარია: ჩემი ვალი ხალხის თანამდებობის პირებისგან დაცვაა, მათ შორის იუსტიციის მინისტრიგან

სახალხო დამცველი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომის შემდეგ, რომელზეც თეა წულუკიანმა ომბუდსმენის ანგარიში გააკრიტიკა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ მისი, როგორც სახალხო დამცველის მოვალეობაა, ადამიანები თანამდებობის პირებისგან დაიცვას, მათ შორის, იუსტიციის მინისტრისგან.

"სახალხო დამცველის ფუნქცია არის ის, რომ ადამიანები, მოქალაქეები დაიცვას გავლენიანი პირებისგან და მაღალი თანამდებობის პირებისგან, მათ შორის, იუსტიციის მინისტრისგან. შესაბამისად, ჩემი ვალია, ადამიანების მათგან დაცვა და არა მათი დაცვა. ამიტომ, ვერ ვხვდები, კონკრეტულად რას გულისხმობენ. თუ მათ მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებები, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი ყველას უფლებას დაიცავს",-თქვა ნინო ლომჯარიამ. 

ომბუდსმენის თქმით, ანგარიში თეა წულუკიანმა და იურიდიული კომიტეტის წევრებმა უმრავლეოსბიდან "მიიღეს, როგორც პირადი საკითხი".

"თითქოს, მინისტრის წინააღმდეგ იყო ეს ანგარიში და ა.შ. კომიტეტმა, ფაქტობრივად, უარყო, რომ კრიმინალურ სუბკულტურას და არაფორმალურ მმართველობას აქვს ციხეებში ადგილი. ფაქტია, რომ სახელმწიფომ, მათ შორის პრევენციის ეროვნულ მექანიზმსაც დაუდასტურა და არ უარყო, რომ ასეთი პრობლემა არსებობს. ასევე, იუსტიციის სამინისტროსგან ჩვენს მიერ მოწერილ წერილში არ არის უარყოფილი ის საკითხები, რაც ეხება არაფორმალურ მმართველობას",-თქვა ლომჯარიამ. 

დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველსა და იუსტიციის მინისტრს მოუსმინეს. ნინო ლომჯარიამ დეპუტატებს N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებული სპეციალური ანგარიში წარუდგინა. 

ომბუდსმენის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ღია დაწესებულების ციხეებში, ე.წ ზონებში ვითარებას ე.წ მაყურებლები აკონტროლებენ, ლეგიტიმაცია კი ადმინისტრაციისგან აქვთ.

ლომჯარიას შეფასებით, სავარაუდოდ, არ არის ე.წ ქურდების მიერ ციხის მართვა კლასიკური გაგებით, თუმცა, საპყრობილეებში არიან გავლენის მქონე პატიმრები, რომლებსაც ციხის ადმინისტრაციასთან აქვთ ლეგიტიმაცია და რომლებიც პატიმრებს პრობლემების მოგვარებას ჰპირდებიან, ასევე, ერევიან მათ ყველა გადაწყვეტილებაში და აკონტროლებენ მათ საუბრებს და გარე სამყაროსთან კომუნიკაციას. ომბუდსმენისვე თქმით, სხვა პატიმრებთან "მაყურებლების" გარეშე გასაუბრება ვერც მისმა წარმომადგენლებმა მოახერხეს.

წულუკიანისთვის ანგარიშის შინაარსი მიუღებელია და მას არაპროფესიონალურსაც კი უწოდებს.

დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა პროკურატურა და პროკურატურაში ომბუდსმენის და მისი აპარატის სხვა თანამშრომლების დაბარება რამდეჯერმე ახსენა და ლომჯარიას გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა. 

ასევე, წულუკიანმა ნინო ლომჯარიას უთხრა, ანგარიშში "ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი პროგრესზე და თანამშრომლის გაჭირვებაზე" და ის ბიძინა ივანიშვილის სახალხო დამცველი არ არის, როდესაც მას ლანძღავენ.

კომენტარები