ევროპარლამენტი

კანდელაკი: "ოცნებამ" ევროპარლამენტის ტრიბუნა საქართველოს ინტერესებისთვის არ გამოიყენა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი ქეთევან ციხელაშვილს და კახა კუჭავას აკრიტიკებს იმის გამო, რომ მათ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ტრიბუნა დეოკუპაციის პრობლემებზე სასაუბროდ და საქართველოს ინტერესების წინ წასაწევად არ გამოიყენეს.

კანდელაკმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის და პარლამენტის ვიცე სპიკერის ვიზიტი ბრიუსელში "შემაშფოთებელი" და "ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობად" შეაფასა.

საქართველოს საკითხი აღმოსავლეთ ევროპის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მოსმენაზე განიხილეს.

კანდელაკის თქმით:

"შემაშფოთებელია, რომ ასეთი მაღალი ტრიბუნა არც მინისტრმა ციხელაშვილმა და არც ვიცე სპიკერმა, კახა კუჭავამ, არ დააყენეს არანაირი სერიოზული თხოვნა, რას ითხოვს საქართველო, რომ წაიწიოს წინ დეოკუპაციის გზაზე, რათა გაჩნდეს პრევენცული ფაქტორი, რომ მომავალში არ მოხდეს გატაცებები და მკვლელობები.

არც ერთ მათგანს მოუთხოვია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო რუსეთისთვის ევროკავშირის მიერ უკვე დაწესებულ სანქციებში საქართველოს შეტანა.

არც ერთ მათგანს არც კი უხსენებია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია და ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის, დევიდ მაკალისტერის ინიციატივა, რომ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა, ე.წი რუსეთის ჯარების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანა შევიდეს უკვე დაწესებულ სანქციებში.

არც ერთ მათგანს არ უსაუბრია ჩვენი დევნილებისთვის წართმეულ ქონებაზე, განსაკუთრებით აფხაზეთში, რომლებიც ქირავდება".

ქეთევან ციხელაშვილმა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება აღწერა. მან ყურადღება ოკუპირებული ახალგორის ჩაკეტვასა და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ულტიმატუმების ენით საუბარზე გაამახვილა.

ციხელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რუსული სამხედრო პერსონალის რაოდენობა საქართველოს ტერიტორიაზე 10 000-მდეა გაზრდილი, ხოლო ყოველწლიურად 130 სამხედრო წვრთნის ჩატარებამ ოკუპირებული ტერიტორიები და განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთი დიდ სამხედრო ბაზად აქცია.

"ჩვენ გაყინულ კონფლიქტებთან არ გვაქვს საქმე. სიტუაცია იქ სტატიკური არ არის და დინამიურია ნეგატიურ კონტექსტში, როცა საქმე უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ საკითხებს ეხება. ორივე, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი უფრო და უფრო იზოლირებული და გასამხედროებული ხდება. რუსეთის სამხედრო პერსონალის რაოდენობა 10 000-მდეა გაზრდილი. 300 000 ადამიანს, რომელიც დევნილობაშია უარს ეუბნებიან საკუთარ სახლში დაბრუნებაზე, ხოლო იქ დარჩენილი ადამიანები განვითარების მცირე პერსპექტივის წინაშე დგანან", - თქვა ციხელაშვილმა.

20 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ოკუპირებული ცხინვალის ადმინისტრაციამ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ გუგუტიანთკარში უკანონო ნაგებობები აღმართა. 14 იანვარს საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედაც აღმართეს.

2019 წლის 4 სექტემბრიდან ჩაკეტილია ოკუპირებულ ახალგორსა და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას შორის დამაკავშირებელი გამშვები პუნქტი. საოკუპაციო რეჟიმი ახალგორის ჩაკეტვას სწორედ ჩორჩანასთან საგუშაგო კოშკის აღმართვას და ამის გამო "საქართველოდან მომავალ საფრთხეებს" უკავშურებს. მაშინ, როცა ადგილობრივმა მოსახლეობამ მსგავსი საგუშაგოს აღმართვა სწორედ ოკუპანტებისგან მომავალი საფრთხეების გაზრდის გამო მოითხოვა.

რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს, აქ ბოლო თვეების განმავლობაში მძიმე პოლიტიკური კრიზისია. 10 იანვარს ე.წ. უმაღლესმა სასამართლომ სექტემბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა.

10 იანვარს ოპოზიციის მომხრეებმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ძალის გამოყენებით აიღეს. მხარეთა შორის კონფლიქტის დასარეგულირებლად სოხუმში რუსეთის უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი მდივანი რაშიდ ნურგალიევი ჩავიდა. 12 იანვარს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა გადადგა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები