სროლა ბასიანთან

პროკურატურა: "ბასიანის" თანამშრომლებზე თავდასხმაში ბრალდებულს ბრალდება დაუზუსტდა

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2020 წლის 12 იანვარს „კლუბ ბასიანის“ თანამშრომლებზე თავდასხმაში ბრალდებულს, დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდება დაუზუსტდა და მას წარედგინა ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ხულიგნური ქვენა გრძნობით, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ.

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.

გამოძიება მანამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 იანვარს, კლუბ ბასიანის შესასვლელთან ცეცხლასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც ჭრილობები მიაყენა 3 პირს - 1993 წელს დაბადებულ თ.ა.-ს, 1987 წელს დაბადებულ ბ.ჭ.-ს და 1995 წელს დაბადებულ დ.ც.-ს. და ადგილიდან მიიმალა. ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

კომენტარები