აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობები

ტრამპი: ევროპა აღარ უნდა იყოს დამოკიდებული ენერგეტიკის არაკეთილსინდისიერ მიმწოდებლებზე

დონალდ ტრამპი
AP

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ ნავთობისა და გაზის წარმოებით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს და ევროპელი პარტნიორებს ენერგეტიკის სფეროში შეუძლიათ აშშ-ს დაეყრდნონ.

"ბევრი ევროპული სახელმწიფო, ხშირად აწყდება მზარდ და არასტაბილურ ფასებს ენერგომატარებლებზე. აშშ-ის ენერგეტიკული რევოლუცია საშუალებს აძლევს ამერიკულ ოჯახებს წელიწადში 2 ათას დოლარზე მეტი დაზოგონ. ჩვენ აღარ გვჭირდება ნავთობისა და გაზის იმპორტი მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან. ჩვენ გაზის ისეთი მარაგები გვაქვს, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს შეუძლიათ აღარ იყვნენ დამოკიდებულები გაზისა და ნავთობის არაკეთილსინდისიერ მიმწოდებლებზე", — განაცხადა ტრამპმა. 

ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუსახელებია კონკრეტული მიმწოდებლები, თუმცა სავარაუდოდ, არაკეთილსინდისიერ მიმწოდებელში რუსეთი იგულისხმებოდა. წინა პერიოდში ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხშირად აკრიტიკებდნენ რუსეთს, რომელიც ნავთობსა და გაზს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. 

ახალი რუსული გაზსადენის შეჩერების გეგმებზე საუბრობდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოც. მეტიც, დეკემბერში სახელმწიფო დეპარტამენტმა გაზსადენს სანქციები დაუწესა, რის შედეგადაც სამუშაოების ოპერატორმა მუშაობა შეწყვიტა. 

"ჩრდილოეთის დინება 2" ბალტიის ზღვის ფსკერზე გაივლის და წელიწადში 55 მილიარდ კუბამეტრ გაზს გაატარებს, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო გაზრდის ევროპის ენერგოდამოკიდებულებას რუსეთზე. გაზსადენი, რუსულ სახელმწიფო კომპანია გაზპრომს ეკუთვნის. 

ამ დროისთვის პროექტზე მუშაობა შეჩერებულია, თუმცა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ გაზსადენის სამუშაოების დასრულება რუსეთს დამოუკიდებლადაც შეუძლია. 

დონალდ ტრამპმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე აშშ-ის ეკონომიკის ზოგად მდგომარეობაზეც ისაუბრა. ტრამპის თქმით, უმუშევრობის დონე აშშ-ში ბოლო 50 წლის მინიმუმზეა, ხოლო მისი გაპრეზიდენტების მომენტიდან 7 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ასევე, ისაუბრა კანადასთან და მექსიკასთან დადებულ ახალ სავაჭრო ხელშეკრულებებზე. ხაზი გაუსვა ჩინეთთან მიღწეულ შუალედურ შეთანხმებას და აღნიშნა, რომ მალე მოლაპარაკებების ახალი ეტაპი დაიწყება. 

ტრამპის თქმით, დიდ ბრიტანეთთან ახალ სავაჭრო ხელშეკრულებას ხელი ბრექსითის დასრულების შემდეგ მოეწერება.

კომენტარები