წერეთელი: TV პირველი იხდის გადასახადებს და ვიწვევ სახელისუფლებო არხებს, გადაიხადონ მილიონები

ტვ პირველი

ტვ.პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი ამბობს, რომ ინკასო, რომელიც ტელეკომპანიას 25 დეკემბერს დაედო, მოხსნილია. წერეთელი ამის შესახებ facebook-ზე წერს. ის ფინანსთა მინისტრს, ვანო მაჭავარიასნ მიმართავს, რომ მან სახელისუფლებო არხებს გადასახადები გადაახდევინოს.

"ინკასო მოხსნილია. სესხით, არხისთვის მძიმე ტვირთით თუ როგორ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. გადავიხადეთ. ვიცით თავისუფლების ფასი. ერთი ადგილიც გვაქვს დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ვალშიც არავისთან ვრჩებით. ბატონო მინისტრო, როგორც თქვენ ბრძანებთ ერთი ადგილია საჭირო.

მოდით დავიწყოთ ჩელენჯი - TV პირველი იხდის გადასახადებს და ვიწვევ სახელისუფლებო არხებს, გადაიხადონ მილიონები. ველოდები მინისტრის პრინციპულობას, რომ ყველას ჩაარიცხინებს ხალხის კუთვნილ ფულს ბიუჯეტში. ბატონო მინისტრო - წამზომი ჩაირთო!"- წერს ვატო წერეთელი. 

ფინანსთა სამინისტრომ ტელევიზიები, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ დავალიანება, 23 დეკემბერს გააფრთხილა. უწყებამ ტელევიზიებს ერთი დღის ვადას მისცა, რათა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაეფარათ.

დავალიანებები "იმედს", რუსთავი 2-სა და მაესტროს 2016 წლის შემდეგ, 1 ოქტომბრამდე დაუგროვდათ. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ამ ვალის რესტრუქტურიზაციაზე შემოსავლების სამსახურსა და ტელემაუწყებლებს შორის, მოლაპარაკებები ამ დრომდე გრძელდება. სწორედ დიდი ტელევიზიების დავალიებების გამო, ამ თანხების დაფარვამდე, გადასახადების გადახდაზე უარი თქვეს კავკასიამ და ტვ პირველმა.

კომენტარები