კონგრესმენების წერილი გიორგი გახარიას

ზალკალიანი: კონგრესმენების წერილი არ მინახავს, პირადი კონტაქტები უფრო მნიშვნელოვანია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ოთხი კონგრესმენის წერილი, რომელიც პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას გაეგზავნა, არ უნახავს. თუმცა, დავით ზალკალიანი აღნიშნავს, რომ "წერილებით ურთიერთობაზე უფრო მნიშვნელოვანი არის პირადი კონტაქტები".

"მე არ მაქვს წერილი ნანახი. მხო​ლოდ ვიცი, რომ არის სოციალურ ქსელში ტვიტი, კონგრესმენის გაკეთებული. აქედან გამომდინარე, სპეკულაცია იმაზე, თუ რაზე არის აქ საუბარი... თუკი ეკონომიკურ ვარდნაზეა საუბარი, ალბათ ეს ზუსტი ინფორმაცია არ არის, რადგანაც კარგად ვიცით, რომ თუნდაც ბოლო თვეების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საქართველოში 6%-მდე იყო, წინა წლების 4.5%-4.8%. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ იყოს რა თქმა უნდა ინფორმაცია ზუსტი. მე ვფიქრობ, რომ წერილებით ურთიერთობაზე უფრო მნიშვნელოვანი არის პირადი კონტაქტები", - ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ოთხმა წევრმა საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას კიდევ ერთი წერილი მისწერა. ადამ კინზინგერის პრესსამსახურის უფროსმა ტვიტერზე დაწერა, რომ კონგრესმენები სერიოზულად შეშფოთებულები არიან პოლიტიკური დევნით და ეკონომიკის ვარდნის ტენდენციით, რაც პრობლემას უქმნის საქართველოს სვლას დემოკრატიული რეფორმებისა და დასავლეთში ინტეგრაციისკენ.

კომენტარები