დონალდ ტრამპი

ტრამპი: უნდა უარვყოთ აღსასრულის მქადაგებლები, აპოკალიფსზე მათი წინასწარმეტყველებები

დონალდ ტრამპი
Reuters

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას თქვა, რომ მუდამ აღსასრულის მქადაგებლებს და აპოკალიფსის შესახებ მათ წინასწარმეტყველებას არ უნდა ვუსმინოთ:

"იმისათვის, რომ ხვალინდელი შესაძლებლობები გამოვიყენოთ, უარი უნდა ვთქვათ მუდმივად აღსასრულის მქადაგებლებზე და აპოკალიფსის შესახებ მათ წინასწარმეტყველებებზე. ესენი გუშინდელი მკითხავების შეცდომებია, მეც მყავს, თქვენც გყავთ და მათ სურთ, რომ ჩვენ საქმე ცუდად წაგვივიდეს, მაგრამ ეს არ უნდა დავუშვათ."

დავოსის ეკონომიკურ სამიტს აქტივისტი გრეტა თუნბერგიც ესწრებოდა. ის ტრამპის გამოსვლას გამოეხმაურა:

"ისინი ბავშვებს ეუბნებიან არ იდარდოთ, ნუ იქნებით პესიმისტები და შემდეგ არაფერს აკეთებენ, სიჩუმეა." თქვა მან.

დონალდ ტრამპმა საკუთარ გამოსვლაში დააანონსა აშშ-ის მონაწილეობა ტრილიონი ხის დარგვაში:

"მე მჯერა გარემოს მნიშვნელობის. მე მსურს ყველაზე სუფთა წყალი და ყველაზე სუფთა ჰაერი." თქვა მან.

გარდა ამისა მან მადლობა გადაუხადა კომპანიებს აშშ-ში ჩადებული ინვესტიციებისათვის და თქვა, რომ აშშ-ის ეკონომიკური მდგომარეობა ახლა ბევრად უკეთესია, ვიდრე წარმოიდგენდა მაშინ, როდესაც პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

"სკეპტიციზმის დრო დასრულდა. მივმართავ ყველა ბიზნესს, რომელსაც წარმატების მისაღწევად ადგილის პოვნა სურს - აშშ-ზე უკეთესი ადგილი არ არსებობს." თქვა მან.

კომენტარები