ევროკავშირი-საქართველო

ევროკავშირმა შსს-ს 130 000 ევროს ღირებულების აღჭურვილობა და კომპიუტერული პროგრამები გადასცა

ევროკავშირმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საიდენტიფიკაციო დოკუმენტების შემოწმებისთვის საჭირო აღჭურვილობა და კიბერდანაშაულის გამოძიებისთვის საჭირო კომპიუტერული პროგრამები გადასცა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში ამბობენ, რომ 130,000 ევროს (400,000 ლარის) ღირებულების აღჭურვილობა და კომპიუტერული პროგრამები დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მთავრობის შესაძლებლობებს გააძლიერებს.

მათივე ინფორმაციით, შსს-ს გადასცეს საიდენტიფიკაციო და სამგზავრო დოკუმენტების სიღრმისეული შემოწმებისთვის საჭირო დახვეწილი აღჭურვილობა და ყოვლისმომცველი კომპიუტერული პროგრამების ორი კომპლექტი, რომლებიც საშუალებას მისცემენ შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტებს სიღრმისეულად გამოიძიონ კიბერდანაშაულის შემთხვევები და კიბერსივრციდან ამოიღონ მტკიცებულებები, რაც ამ დრომდე სირთულეს წარმოადგენდა. 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის, ვინსენტ რეის თქმით, ეს ევროკავშირის მხარდაჭერის ნაწილია, რომლის მიზანია საზღვრის სწორი მართვა და მოქალაქეების უსაფრთხოება.

"ეს აღჭურვილობა საშუალებას მისცემს საქართველოს ხელისუფლებას მეტად ეფექტიანად ებრძოლოს უკანონო მიგრაციას და დანაშაულს, რაც ასევე მოიცავს კიბერდანაშაულის მეტად კომპლექსურ ფორმებს. ეს მნიშვნელოვანია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ჭრილში და წარმოადგენს ევროკავშირის უფრო ფართო მხარდაჭერის ნაწილს, რომლის მიზანია საქართველოში საზღვრის თანამედროვე და სწორი მართვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა", - თქვა ვინსენტ რეიმ.

ახალი ტექნოლოგიების გადაცემა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მხარდაჭერის პროგრამის ნაწილია, რომელიც 10 მილიონი ევროს (32 მილიონი ლარის) ღირებულების აღჭურვილობას მოიცავს. ეს აღჭურვილობა განკუთვნილია საქართველოს ხელისუფლებისთვის, მიგრაციის და საზღვრის მართვის სფეროში გამოსაყენებლად.

ევროკავშირის წარმომადგენლობაში აღნიშნავენ, რომ დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტებს დოკუმენტების შემოწმებისთვის საჭირო მნიშვნელოვანი რაოდენობის აღჭურვილობა გადაეცათ, რაც ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას დააკმაყოფილოს მიგრაციის და საზღვრის მართვის სფეროში არსებული მოთხოვნები და შეასრულოს ვიზა ლიბერალიზაციის ნიშნულები.

მათივე თქმით, კიბერდანაშაულის კომპლექსური ფორმების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა ევროკავშირის კიდევ ერთი პრიორიტეტია.

კომენტარები