პროპორციული არჩევნები

ბოკერია: მასკარადი ჩაბარდა წარსულს, პირდაპირ იძახის კალაძე, რომ პროპორციული არ უნდოდათ

ტაბულა

"მასკარადი საბოლოოდ ჩაბარდა წარსულს, პირდაპირ იძახის კალაძე და ვოლსკიმაც ეგ თქვა, რომ პროპორციული სისტემა არ უნდოდათ და არ უნდათ," - ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც მან თქვა, რომ არსებული მაჟორიტარული სისტემა "იდეალურია" და 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებითაც "უნდა განხორციელდეს ცვლილებები".

ბოკერია ამბობს, რომ მათი ეს განცხადებები კიდევ უფრო მეტ ლეგიტიმურ ბრაზს გამოიწვევს და კიდევ უფრო მეტი მობილიზება იქნება მშვიდობიანი პროსტესტისთვის და კიდევ უფრო მეტი მობილიზება არჩევნებზე.

"იმდენად უტიფრები არიან, რომ გუშინწინ რომ იძახდნენ, კი გვინდოდა, მაგრამ დემოკრატია გვაქვს პარტიაში და მაჟორიტარები აჯანყდნენო, ახლა ესეც დაივიწყეს და პირდაპირ ეუბნებიან საზოგადოებას ხო გადაგაგდეთ, იმიტომ რომ ჩავთვალეთ, რომ ძალაუფლებას ვკარგავთ ამ სისტემით და ამიტომ ფეხებზე გვკიდია დადებული პირობა, დაღვრილი სისხლი და ყველაფერიო, აი ასეთ უტიფრობასთან გვაქვს საქმე ივანიშვილისა და მისი კლოუნებისგან," - ამბობს ბოკერია.

ბოკერია ასევე აღნიშნავს, რომ ვადამდელიც რომ დანიშნოს ახლა ოცნებამ, შემდეგი არჩევნები იქნება პროპორციული და ამას ვერ შეცვლიან, რადგან ამის საკმარისი ხმები არ აქვთ. 

"ახლა რომც მოახერხონ და გაუძლონ მწვავე პროტესტს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობიანობის ფარგლებში, რომ ვერ გაუძლონ, მაგრამ რომც გაუძლონ ან ვადამდელი დანიშნონ ამ სისტემით, შემდეგი არჩევნები იქნება პროპორციული. ოპოზიციას უნდა ჰქონდეს და იმედი მაქვს რომ ექნება პოზიცია, რომ ახლა უნდა მოხდეს ამ ხალხის ჩამოშორება ხელისუფლებიდან, მერე ჩატარდება პროპორციული, ნორმალური არჩევნები, შედარებით ნორმალურ პოლიტიკურ პარტიებს შორის და ამომრჩეველი გადაწყვეტს ვის მიანდოს ქვეყნის გამოყვანა ამ ჩიხიდან," - ამბობს ბოკერია.

14 ნოემბერს, ქართული ოცნების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. კანონის ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ 24 ივნისს დადებული პირობა. ოცნების ლიდერები მაშინ ამბობდნენ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა თავადაც უნდოდათ, თუმცა მაჟორიტარების დარწმუნება ვერ შეძლეს. 

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შემქნილი კრიზისის გადასაჭრელად და ხელისუფლება და ოპოზიცია, დიპლომატიური კორპუსის თანდასწრებით, 20 დეკემბერს ერთმანეთს მეოთხედ შეხვდა. 

ქართულმა ოცნებამ ოპოზიციას 20 დეკემბერს შესთავაზა, პარლამენტში 100 დეპუტატი პროპორციული წესით, 50 კი მაჟორიტარულად აირჩიონ. მანდატების მსგავსი გადანაწილება საკონსტიტუციო ცვლილებას საჭიროებს.

მოქმედი საარჩევნო სისტემით 77 დეპუტატს პროპორციული წესით ირჩევენ, 73 დეპუტატს კი მაჟორიტარული წესით.

კომენტარები