კონგრესმენების წერილი გახარიას

ბაქრაძე: ეს წერილი მაინც ვერ დაიმალება, გასაჯაროვდება თავად ამერიკული მხარის მიერ

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, კონგრესმენების მიერ გამოგზავნილი წერილი აუცილებლად გასაჯაროვდება და თუ ქართული ოცნების მხრიდან მოხდება ამ წერილის დამალვა, ეს იქნება უაზრო ნაბიჯი, რადგან თავად ამერიკული მხარის მიერ წერილი აუცილებლად გასაჯაროვდება.

"ამ წერილის დამალვის ნებისმიერი მცდელობა არის პრიმიტიული მცდელობა რაღაცნაირად მიჩქმალონ კრიტიკა. დემოკრატიული ხელისუფლებები ასე არ რეაგირებენ, კრიტიკულ წერილებს არ მალავენ, ასე იქცევიან გაბანკროტებული რეჟიმები", - ამობს დავით ბაქრაძე.

ბაქრაძის შეფასებით, თუ ქართული ოცნება შეეცდება დამალოს ამერიკელი კონგრესმენების მიერ გამოგზავნილი კრიტიკული წერილი, ეს კიდევ ერთი ნიშანი იქნება, თუ სადამდე არის დღევანდელი ხელისუფლება მისული.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაცია ამ დრომდე არ ასაჯაროვებს წერილს, რომელიც პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, 4 ამერიკელი კონგრესმენისგან მიიღო.

ტაბულა მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან გუშინ საღამოდან ითხოვს წერილის ასლს.

კინზინგერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გახარიას წერილი 4-მა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა, ჯერი კონოლიმ, ელიოტ ენჯელმა და მაიკლ მაკკაულიმ, გაუგზავნა. 

ეს პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებისა და ამით ქვეყანაში გამოწვეული პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, მესამე წერილია, რომელსაც გახარია კონგრესმენებისგან იღებს.

პირველი წერილი გახარიამ 16 დეკემბერს ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის მხრიდან მიიღო. წერილში კონგრესმენები გამოთქვამდნენ იმედს, რომ ხელისუფლება დაუყონებლივ მიიღებდა პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ისინი წერდნენ, რომ ქართველებს სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მჭიდრო კავშირში იქნება დასავლეთთან და რომ საქართველოდან გავრცელებული ახალი ამბები, მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობის შედეგად დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დაშავების შესახებ თავზარდამცემია. 

19 იანვარს კი რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარკუეინ მალინმა, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართა და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, შეწყდეს მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. მალინი წერილში წერს, რომ ის შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური გაუარესებით. ამ წერილით კონგრესმენი მისი კოლეგების, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის, კრიტიკულ წერილს შეუერთდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები